საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, შესაძლებელია, რომ რუსეთისა და ირანის მსგავსმა ქვეყნებმა სანქციებისგან თავის დასაღწევად კრიპტოვალუტების მაინინგს მიმართონ. ამგვარ პოტენციურ შესაძლებლობას ენერგორესურსების სიჭარბე აჩენს, რომელიც ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობებისადმი დაწესებული სანქციებითაა განპირობებული. ამასთანავე, ამ გზით სახელმწიფოებს დამატებითი შემოსავლის მიღებაც შეუძლიათ, საკომისიოების სახით.
IMF-ის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მარეგულირებლების მხარეს თავი არაერთმა პრობლემამ იჩინა, რომლებიც, ძირითადად, დაურეგულირებელ გარემოსთან და ანონიმურ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. ისე კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამგვარი შეფასება მოულოდნელი სულაც არ არის – კრიპტოვალუტებისა და სხვა ციფრული აქტივების რეგულირების საკითხი ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლებმა, სხვებთან ერთად, საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მყოფ კომპანიებს არაერთგზის მოუწოდეს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ რუსეთის მიერ სანქციებისაგან თავის დაღწევის შესაძლო შემთხვევებთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ IMF-ის განცხადებაში.