სამეგრელო-იმერეთის 640 კმ-იან მონაკვეთს “ინდიკო” აგებს. კომპანიას ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების რამდენიმე პროექტი აქვს შესრულებული. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი 45 წლის იოსებ გადელიაა.
“N18 ზონაში შემავალი გზები” – ასე ეძახიან სამეგრელო-იმერეთის რეგიონში გაჩაღებულ იმ სამუშაოებს, რომელთაც კომპანია “ინდიკო” ევროპული სტანდარტების დაცვითა და თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით აწარმოებს და რომელთა ღირებულებაც ჯამში 13 მილიონ ლარს აჭარბებს.
640 კმ სიგრძის გზის მონაკვეთის დასაწყისამდე “ინდიკოს” მიერვე დაგებული გზით მივედი. გზების სავალი ნაწილი თითქმის ბოლომდეა აღდგენილი და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ორმულების შეკეთებას გულისხმობს – დასრულებული. მიწის ვაკისის მოწესრიგება და კიუვეტების აღდგენა-გაწმენდა კი მიმდინარე პროცესია.
სანამ მთავარ მასპინძლამდე გზას გავიკვლევდი, ვნახე, როგორ აწყობდნენ “ინდიკოს” თანამშრომლები დამცავ კედლებს ბეტონისა და გაბიონის კონსტრუქციებისგან, ხელოვნური საგზაო ბარიერები უკვე აღუდგენიათ და აღუმართავთ. ახლა არსებული ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნების აღდგენაზე მუშაობენ, სტანდარტული და არასტანდარტული საგზაო ნიშნების განახლება კი მომდევნო დღეების გეგმაა.
“იყო საგზაო სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი, დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. ჩემი საქმიანობა მოითხოვს როგორც ტექნიკური საკითხების ზედმიწევნით ცოდნას, ასევე პროცესის ზედამხედველობასა და ადამიანების მართვის უნარს” – ასე გამაცნო იოსებ გადელიამ საკუთარი თავიც და საქმეც, რომელსაც უკვე 22 წელია, უძღვება. იმის მიუხედავად, რომ “ინდიკოს” ერთპიროვნული დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია, კომპანიაში არანაირ თანამდებობას არ იკავებს, მაგრამ მის ყოველდღიურობაში ბოლომდეა ჩართული. მიყვება, რომ მამის გზას და ვერშესრულებულ სურვილს გაჰყვა. სამშენებლო კომპანიის სახელი “ინდიკოც” მამისაა. საწყისი კაპიტალიც პირადი იყო და პირველი 2,000-ლარიანი ინვესტიციაც, რითაც “ინდიკო” გზატკეცილების, გზების მშენებლობის, საძირკვლის მომზადებისა და ზედა ფენის გადაგების სამუშაოებში ჩაერთო.
იოსებ გადელიამ გამოცდილება “ინდიკომდე” დააგროვა. კერძო ბიზნესსაქმიანობა ჯერ კიდევ 1994 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ საქმიან პორტფოლიოში ბევრი ეტაპი ჩაწერა. იგი არის სს “მექანიკურის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შპს “ელიტპალასის” თანადამფუძნებელი და 1996 წლიდან “ინდიკოს” დამფუძნებელიც გახდა – კომპანიის, რომელიც სტაბილურად 150-ს, სამუშაოს სპეციფიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე კი რამდენიმე ასეულ კონტრაქტორს აერთიანებს, რომელთა დასაქმებაც პროექტების მიმდინარეობის პერიოდში ხელშეკრულების საფუძველზე ხდება.
“თავიდან იყო სირთულეები, თუმცა დღეს კმაყოფილი ვარ და მეტი ამბიციური პროექტისათვისაც მზად ვართ”, – ამბობს იოსებ გადელია და კომპანიის წარმატების რეცეპტსაც მიმხელს – მაღალი ხარისხის მომსახურებასა და უახლეს ტექნიკასთან ერთად, ამ წარმატებას საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას მიაწერს.
“ტექნოლოგია ყველა სფეროში, მათ შორის სამშენებლოში, ძალიან სწრაფად იცვლება, იცვლება ის მეთოდებიც, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. აუცილებელია, ხელი გეჭიროს განვითარების პულსზე და ბაზარს უმაღლესი ხარისხი, თანამედროვე სტანდარტები და ინოვაციური მიდგომები შემატო”, – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი. “ინდიკო” კი ერთ-ერთია იმ 40 კომპანიიდან, რომლებიც პროგრამა “აწარმოე საქართველოში” და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი პროექტით სარგებლობენ. ამ ინვესტიციის დახმარებით “ინდიკომ” უკვე გაზარდა პროდუქტიულობა და გააუმჯობესა ხარისხი, აამაღლა უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტიანობის სტანდარტები.
თუმცა, ევროპის გარდა, საქმეში ქართული ბანკიცაა – “საქართველოს ბანკამდე” “ინდიკოს” პირადი გზა ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ, მანამდე მივიდა, ვიდრე კომპანია საერთო მნიშვნელობის გზების შენებას დაიწყებდა. თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო, როდესაც “ინდიკომ” სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ტენდერებში მონაწილეობა გადაწყვიტა, ტენდერის პირობებიდან გამომდინარე კი საკრედიტო ხაზის ქონის აუცილებლობა დადგა. საუკეთესო პირობების ძიებამ “ინდიკოს” მესვეურები “საქართველოს ბანკამდე” მიიყვანა. პარტნიორობა საბრუნავი საშუალებების დაფინანსებით დაიწყო – 4,7 მლნ ლარით. საკრედიტო ხაზს სახელფასო ანგარიშები მოჰყვა, წლების თანამშრომლობას კი – მყარი კავშირი. “საქართველოს ბანკის” დაფინანსების ფარგლებში “ინდიკომ” ევროპული წარმოების სრულიად ახალი ტექნიკის შეძენაც შეძლო და წარმატებული სტარტიც აიღო. “საქართველოს ბანკი არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს და ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს კომპანიის განვითარებას”, – ამბობს იოსებ გადელია. “ინდიკოს” პროექტები დაფინანსებულია პროგრამა “აწარმოე საქართველოში” და DCFTA -ის ფარგლებში, რაც კომპანიისთვის დამატებით მოტივაციადაც იქცა და წარმატებული სტარტის გარანტადაც. “საქართველოს ბანკისთვის” კი ორივე ერთად დამატებითი ინტერესი აღმოჩნდა.
“პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულმა შეღავათებმა კომპანიას ფიქსირებულ აქტივებში ერთდროულად ინვესტირების საშუალება მისცა. სხვა შემთხვევაში კომპანია იმავე მოცულობის ინვესტიციების განხორციელებას საკუთარი მოგებებით 2-3 წლის პერიოდში შეძლებდა”, – ამბობს “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ვასილ ხოდელი, რომელიც “ინდიკოს” საქმიანობაზე საუბრისას არც კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და პარტნიორი ბანკის მიმართ ერთგულებას ივიწყებს. გვიმხელს იმასაც, რომ “საქართველოს ბანკი” მზადაა, “ინდიკოს” ერთ-ერთი უკვე დეკლარირებული სურვილის შესრულებაშიც დაეხმაროს – მონაწილეობა მიიღოს ანაკლია-თბილისის ავტობანის მშენებლობაში. ამისთვის კი ბანკის დაფინანსების ფარგლებში შეძენილი, გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უკვე არსებობს.
“ინდიკოს” ბალანსზე უკვე ბევრი გზაა: იმერეთის რეგიონში განხორციელებული ბოლოდროინდელი ტენდერებიდან ქუთაისი-სამტრედია-ხონის 35-40 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. სადგურ სვირისა და მეორე სვირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც მის სახელზეა. “ინდიკოს” გზა მიდის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულამდეც. და ეს ყველაფერი ჯამში რამდენიმე ათეულ მილიონ ლარის ითვლის.
როცა გზას არ აგებს, უკვე დაგებულზე ზრუნავს. ზამთრის პერიოდში “ინდიკო” გზის საფარის თოვლისაგან გაწმენდისა და ტექნიკური ქვიშა-მარილის მოყრის სამუშაოებს ასრულებს.
გზების გარდა კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის არის რეაბილიტირებული ხიდები, დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობები. “იმედი გვაქვს, რომ კიდევ ბევრ ამბიციურ პროექტში ჩავერთვებით, იქნება ეს ახალი ავტობანებისა თუ ახალი გზების მშენებლობა. ამით ჩვენს როლს შევასრულებთ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში”, – მითხრა იოსებ გადელიამ დამშვიდობებისას და თბილისში ისევ “ინდიკოს” გზით გამომაცილა.