ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქონების წმინდა ღირებულების არნახული ზრდის შედეგად, ინდოელი მაგნატი გაუტამ ადანი, Forbes-ის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე მდიდარი აზიელი გახდა. გარდა ამისა, ადანი იმ რვაკაციან ელიტურ ჯგუფს შეუერთდა, რომელთა ქონების წმინდა ღირებულებაც $100 მილიარდზე მეტს შეადგენს.
59 წლის ადანი, პორტისა და ენერგოკონგლომერატ Adani Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ელიტური ჯგუფის ერთადერთი ინდოელი წარმომადგენელია. ინდოელი მილიარდერის ქონება 12-ციფრიან ნიშნულს პარასკევს, აბუ-დაბის International Holding Co-ის მიერ მის სამ მწვანე ენერგიაზე ორიენტირებულ ბიზნესში თანხის ინვესტირების შემდგომ გადასცდა. ჰოლდინგის მიერ $2 მილიარდის ოდენობის ინვესტირება Adani Green Energy-ში, Adani Transmission-სა და Adani Enterprises-ში განხორციელდა.
ინვესტირების შემდგომ, განახლებადი ენერგიის კომპანია Adani Green Energy-ის აქციების ფასი 25%-ით გაიზარდა. გაუტამ ადანი Adani Green Energy-ის 60%-იანი წილის მფლობელია. რაც შეეხება Adani Transmission-სა და Adani Enterprises-ს, მათი აქციების ფასი, შესაბამისად, 11%-ითა და 3%-ით გაიზარდა. 14 აპრილის მონაცემებით, ადანის ქონების წმინდა ღირებულება $121.7 მილიარდს უტოლდება, რაც მას, Forbes-ის შეფასებით, აზიაში ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსთან ერთად, მსოფლიოს მეექვსე უმდიდრეს პირად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ ადანის ქონება, 2021 წლის აპრილისთვის, $8.9 მილიარდიდან $50.5 მილიარდამდე გაიზარდა. 2022 წლის თებერვლისთვის კი მისი ქონების გაორმაგების შემდგომ ($90 მილიარდი), ადანიმ მილიარდერთა სიაში თანამემამულეს, Reliance Industries-ის დამფუძნებელ მუკეშ ამბანის გადაასწრო. ერთი წლის განმავლობაში ადანის Adani Green Energy-ის აქციების ფასი თითქმის 80%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ამბანის, ის ახლა აზიის მეორე უმდიდრესი ადამიანია და „მილიარდერთა ელიტურ ჯგუფს“ უახლოვდება, ბოლო შეფასებით, ქონების $97-მილიარდიანი წმინდა ღირებულებით.
იმ მილიარდერთა ელიტური ჯგუფი კი, რომელთა ქონების წმინდა ღირებულებაც $100 მილიარდს აჭარბებს, ასე გამოიყურება:
- ილონ მასკი – $273.6 მილიარდი (Tesla-სა და SpaxeX-ის თანადამფუძნებელი)
- ჯეფ ბეზოსი – $181.3 მილიარდი (Amazon-ის დამფუძნებელი)
- ბერნარ არნო – $166.9 მილიარდი (LVMH-ის დამფუძნებელი)
- ბილ გეიტსი – $132.8 მილიარდი (Microsoft-ის თანადამფუძნებელი)
- უორენ ბაფეტი – $125.1 მილიარდი (Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი)
- გაუტამ ადანი – $121.7 მილიარდი (Adani Group-ის დამფუძნებელი)
- ლარი ელისონი – $111.7 მილიარდი (Oracle-ს თანადამფუძნებელი)
- ლარი პეიჯი – $110.6 მილიარდი (Alphabet-ის თანადამფუძნებელი)
- სერგეი ბრინი – $106.3 მილიარდი (Alphabet-ის თანადამფუძნებელი)