ინდოეთი შეიარაღების ექსპორტის გასამმაგებას და $5 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს

ინდოეთი შეიარაღების ექსპორტის გასამმაგებას და $5 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს

ინდოეთის პრემიერ მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, ქვეყანა შემდეგი ორი წლის განმავლობაში შეიარაღების ექსპორტის სამჯერ, 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას გეგმავს. მასშტაბური სამხედრო საჩვენებელი ღონისძიებისათვის მზადების პროცესში ადგილობრივი სამხედრო კონტრაქტორები ქვეყნის მასიური საიმპორტო ბიუჯეტისათვის ალტერნატივების შეთავაზებას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთი თავდაცვითი აღჭურვილობისა და შეიარაღების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იმპორტიორი სახელმწიფოა. ქვეყანას ეს სტატუსი უკვე ათეულობით წლებია უკავია. იარაღის საექსპორტო ბაზარზე კი ინდოეთი ერთ-ერთ ყველაზე დაბალ პოზიციას იკავებს.

ქვეყნის პრემიერ მინისტრი კი ამ მიდგომის შეცვლას გეგმავს. ინდოეთის ისტორიაში უდიდეს სამხედრო-საგამოფენო ღონისძიებაზე ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ინდოეთი სამხედრო კომპანიებისათვის არა მხოლოდ სასურველი ბაზარი უნდა იყოს, არამედ პოტენციური პარტნიორიც. პრემიერ მინისტრმა კერძო სექტორს ქვეყნის თავდაცვის სექტორში მეტი ინვესტიციების განთავსებისაკენ მოუწოდა.

ცნობისათვის, ამჟამად ინდოეთს შეიარაღება 75-მდე ქვეყანაში გააქვს. ექსპორტის მთავარი საქონელი კი Hindustrian Aeronautics-ის მიერ წარმოებული Dhruv-ის ვერტმფრენები და BrahMos Aerospace-ის მიერ წარმოებული ზებგერითი საკრუიზო რაკეტები გახლავთ. რაც შეეხება პარტნიორებს, ინდური შეიარაღებით ფილიპინები, მავრიტანია და ეკვადორი ინტერესდებიან.

გარდა ამისა, ინდოეთიდან ექსპორტზე გადის საპატრულო კატარღები, სანაპირო სათვალთვალო-სამეთვალყურეო სისტემები, სარაკეტო გამშვებები და სათადარიგო ნაწილები რადარებისათვის.

სამომავლოდ ექსპორტის ზრდისთვის ქვეყანა საავიაციო მიმართულების განვითარებას და პოტენციური კლიენტებისათვის HTT-40 საწვრთნელი საფრენი აპარატების, Dornier ტიპის ვერტმფრენებისა და მსუბუქი მოიერიშე შვეულმფრენების შეთავაზებას გეგმავს.