ინდოეთში MasterCard-ის ახალი ბარათების გამოშვება აიკრძალა

ინდოეთში MasterCard-ის ახალი ბარათების გამოშვება აიკრძალა

მთავრობის ადგილობრივი წარმომადგენლების ცნობით, მონაცემთა შენახვის ადგილობრივი კანონის დარღვევის გამო, MasterCard-ს ინდოეთში ახალი მომხმარებლებისათვის მომსახურების გაწევა აეკრძალა.

ინდოეთის სარეზერვო ბანკის ინფორმაციით, მომდევნო ხუთშაბათიდან, MasterCard-ს ახალი სადებიტო და საკრედიტო ბარათების გამოცემა შეეზღუდება. ინდოეთის სარეზერვო ბანკს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული აკრძალვა.

ინდოეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, კომპანიას საკმარისი დრო და ადეკვატური შესაძლებლობები მიეცა 2018 წელს მიღებული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. აღნიშული ზომები კი კომპანიას ავალდებულებს, რომ ინდოელი მომხმარებლებისა და ინდოეთში შესრულებული ტრანზაქციების მონაცემები ადგილობრივ სერვერებზე შეინახოს. ხარვეზის გამოსასწორებლად MasterCard-ს ექვსი თვის ვადა ჰქონდა განსაზღვრული.

ინდოეთის სარეზერვო ბანკს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება ახლა. აღსანიშნავია ისიც, რომ შეზღუდვა არ შეეხება კომპანიის არსებულ მომხმარებლებს. CNN-ის მიმართვისდა მიუხედავად, MasterCard-ი თავს იკავებს ინდოეთის ბაზარზე მომხმარებელთა რაოდენობის დასახელებისაგან.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ინდოეთის ეროვნულ ბანკთან აქტიურად თანამშრომლობდნენ ყველა სამართლებრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლდ.

MasterCard-ი არ გახლავთ პირველი კომპანია, რომელსაც ინდოეთი მსგავს შეზღუდვებს უწესებს. აპრილში ინდოეთის სარეზერვო ბანკმა იდენტური აკრძალვა American Express-საც (AXP) დაუწესა. მონაცემთა ბაზების საკითხი ბოლო დროს გახშირებული გაჟონვის შემთხვევების გამო განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

MasterCard-ის განცხადებით, უთანხმოების ფონზე კომპანია არ აპირებს ინდოეთის ბაზრის დატოვებას და განაგრძობს მუშაობას ყველა პრობლემის აღმოსაფხვრელად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *