Instagram-ი სოციალური პლატფორმა Twitter-ის მსგავსი ტექსტური აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს, მის გასაშვებად მზად კი ივნისში იქნება. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
ახალი აპლიკაციის შესაძლო ვიზუალის ამსახველი „სქრინშოტები“ UCLA-ის სოციალური და ინფლუენსერმარკეტინგის პროფესორმა ლია ჰაბერმანმა გამოაქვეყნა. Meta-ს მიერ შექმნილი აპლიკაცია Instagram-ისგან დამოუკიდებლად იარსებებს, თუმცა მომხმარებლები, მათი ანგარიშების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, სწორედ Instagram-ის მსგავს „გამოწერის ღილაკს“ გამოიყენებენ. Meta-ს ახალ სოციალურ პლატფორმაზე სურათისა და გამოსახულების დართვით, მაქსიმუმ 500-სიმბოლოიანი ტექსტის გამოქვეყნება იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ Money Control-მა ჯერ კიდევ მარტში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Meta, მისი ტექსტური მიმართულების განვითარებისა და Twitter-ისთვის კონკურენციის გასაწევად, ახალი სოციალური პლატფორმის შექმნაზე მუშაობდა. მალევე Meta-ს ოფიციალურმა პირებმა Platformer-ს განუცხადეს, რომ „არსებობს შესაძლებლობა, შეიქმნას განცალკევებული სივრცე, სადაც კრეატორებსა და საჯარო პირებს თავიანთი ინტერესების შესახებ დროული განახლებების გაზიარების საშუალება მიეცემათ“.
ჰაბერმანის ინფორმაციით, აპლიკაციის თავსებადობა სხვა სოციალურ ქსელებთანაც განიხილება. მაგალითად, გავრცელებული „სქრინშოტების“ მიხედვით, Meta-ს პლატფორმას, ახალი ანგარიშის შექმნის გარეშე, Mastodon-ის მომხმარებლებიც გამოიყენებენ. პროექტთან დაკავშირებული წყაროების ინფორმაციით, ცნობილ და გავლენიან პირებთან თანამშრომლობით, Meta-ს ახალი პლატფორმის გამოცდა უკვე თვეებია, რაც მიმდინარეობს.