Intel-ი და Brookfield-ი არიზონის ჩიპების ქარხნებში $30 მილიარდამდე ინვესტიციას განახორციელებენ

Intel-ი და Brookfield-ი არიზონის ჩიპების ქარხნებში $30 მილიარდამდე ინვესტიციას განახორციელებენ

Intel Corp-ი და კანადის Brookfield Asset Management-ი ერთობლივად აშშ-ის, კერძოდ კი არიზონის შტატის ჩიპების წამყვან ქარხნებში $30 მილიარდამდე ინვესტიციას განახორციელებენ. ამ გზით, Intel-ი საკუთარი ამბიციების მიღწევასა და ჩიპების წარმოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გაფართოება Intel-სა და Brookfield-ის შორის თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილია, რომელიც Intel-ის სამრეწველო ქარხნებისთვის დამატებითი ფინანსების მოძიებას ითვალისწინებს. კერძო კაპიტალის პროვაიდერის, Brookfield-ის ინფრასტრუქტურის განყოფილება გაფართოების პროექტში 49%-იანი წილის მისაღებად, $15 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს, თუმცა უმრავლესობას და ოპერაციულ კონტროლს ჩიპების ორ ქარხანაზე კვლავ Intel-ი შეინარჩუნებს. Intel-ს ჩანდლერში (არიზონა) მდებარე ქარხნებში პროგრესული ჩიპების დამზადება სურს.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მეშვეობით Intel-მა ოპერაციულ კონტროლთან ერთად, სხვა პრიორიტეტებისთვის სესხის მოცულობის შენარჩუნებაც მოახერხა.

Intel Corp-ისა და კანადის Brookfield Asset Management-ის შეთანხმება, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ CHIPS and Science Act-ის ხელმოწერის შემდგომ შედგა. ბაიდენის ახალი აქტი მოიცავს $52.7 მილიარდის სუბსიდიებს, აშშ-ის ნახევარგამტარების წარმოებისა და კვლევისთვის. Intel-ის ფინანსური ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანიებს შორის დადებული გარიგება სწორედ „აშშ-ის CHIPS Act-იდან მიღებული სტიმულის შედეგია“.