ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანია Intel-ის განცხადებით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft-ი მისი მომხმარებელი გახდება და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიისათვის ინდივიდუალურ გამოთვლით ჩიპებს დაამზადებს. Intel-ის მიზანი მისი ყველაზე დიდი კონკურენტის, ტაივანური TSMC-ის ჩანაცვლებაა, რისთვისაც კომპანიამ საკუთარ თავს ვადა 2025 წლამდე დაუწესა.
Intel-ს კონკურენტებზე დომინაციის მოპოვების ამბიციური გეგმა აქვს. კომპანიის სურვილია, წელს ყველაზე სწრაფი ჩიპის წარმოებაში TSMC-ი დაამარცხოს და ამის გაკეთებას საკუთარი Intel 18A-ის საწარმოო ტექნოლოგიით გეგმავს. თუმცა ამაზე შეჩერებას არ აპირებს და უპირატესობის შენარჩუნებას 2026 წლისთვის Intel 14A-ის ტექნოლოგიის გამოყენებით მოიაზრებს. Microsoft-თან დადებული წინასწარი შეთანხმების ღირებულება $15 მილიარდი იქნება.
Intel-მა ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი ბიზნესმოდელიც შეცვალა. კომპანია ათწლეულების განმავლობაში ნახევარგამტარებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის აწარმოებდა და წარმოებაში პირველობას ციკლის შესაქმნელად იყენებდა. თუმცა, ლიდერობის დაკარგვის შემდეგ, Intel-ის ჩიპები ნაკლებად კონკურენტული გახდა და მოგების მარჟამაც დაიკლო.
ამჟამად Intel-ი აშშ-ის მთავრობის სუბსიდიებს ეყრდნობა, საიდანაც პოტენციურად მილიარდობით დოლარის შემოსავლების მიღებაა შესაძლებელი. თუმცა ახალი ბიზნესმოდელი კერძო კომპანიებისა და მომხმარებლების დაკვეთებზეც ორიენტირდება. ერთ-ერთი ასეთი სწორედ Microsoft-ია, რომლისთვისაც უნიკალური გამოთვლითი ჩიპების დამზადებით Intel-ი $15 მილიარდის მიღებას შეძლებს.