იყავი სტუმარი საკუთარ ღონისძიებაზე

იყავი სტუმარი საკუთარ ღონისძიებაზე

კონსიერჟის პროფესია ადამიანების ყველა საჭიროებისა და სურვილის უზრუნველყოფასა და მათთვის კომფორტული პირობების შექმნას გულისხმობს. თუ საკონსიერჟო მომსახურებით სარგებლობთ, ბუნებრივად პრივილეგირებული ხართ, თქვენ ხომ კონსიერჟი გემსახურებათ. უკვე ხუთი წელია, კომპანია “კონსიერჟ თბილისი” მომხმარებლებს სერვისების სრულ ციკლს სთავაზობს – ღონისძიების დაგეგმვით დაწყებული, მის სრულ შესრულებამდე. და, რაც მთავარია, კლიენტის მიერ დასახული მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს.

კომპანიის დამფუძნებელმა ლიზი ხაბაზაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო სხირტლაძემ ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა ღონისძიებებისა და ტურების ორგანიზება, ბიზნესკონსიერჟის მომსახურება, იგივე კონსიერჟ Lifestyle-ი. ღონისძიების დაგეგმვა, მისი სრული ვიზუალის წარდგენა, კონტრაქტორებთან მოლაპარაკება, დაგეგმილი სამუშაოების ზედამხედველობა, ხარისხის კონტროლი, სამუშაოს დროული ჩაბარება, ღონისძიების სრული მომსახურება და შემდგომი დემონტაჟი და დასაწყობება – ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც კომპანია უზრუნველყოფს.

ტურების ორგანიზება კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა: სავიზო მომსახურება, ბილეთების დაჯავშნა და შეძენა, დახვედრა-გაცილება, კომფორტული ინდივიდუალური ტურები, სამახსოვრო საჩუქრები, ერთი სიტყვით – დაუვიწყარი გამოცდილება.

“ჩემთვის საქმეში მთავარი ადამიანების გაბედნიერებაა, “კონსიერჟ თბილისი” კი ის საქმეა, რომელიც გადაჯაჭვულია ადამიანის ემოციებთან. თითოეულ პროექტზე მუშაობისას ვხვდებით ადამიანებს ახალი იდეებითა და სურვილებით. ემოციები, რომელთაც შედეგის ხილვისას ვიღებთ, ერთგვარი მოტივატორია, რომ ყოველი შემდეგი ღონისძიება უკეთესი იყოს”, – ასე მპასუხობს ლიზი ხაბაზაშვილი კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის საქმე, რომელსაც ხუთი წელია, ემსახურება.

“კონსიერჟ თბილისის” ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ყველა გამოწვევის დაძლევაა. “თუკი ადამიანს საკუთარი საქმე არ უყვარს, ის სასურველ შედეგს ვერ მიიღებს. ჩვენთვის ნებისმიერი გამოწვევა შესაძლებლობაა. ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით კი კლიენტს ისეთ მომსახურებას ვთავაზობთ, სადაც მისი ყველა ჩანაფიქრი შესრულებულია. მიმაჩნია, რომ არასდროს არ უნდა გაჩერდე, მხოლოდ წინსვლაა პროგრესის მომტანი, ხოლო კონკურენცია კიდევ უფრო მეტად აღვივებს ინოვაციურობას”, – ამბობს ნინო სხირტლაძე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

ლიზი და ნინო თანხმდებიან, რომ საქმის წარმატებულად შესრულებისთვის კლიენტის ყურადღებით მოსმენა და მისი სურვილების ზუსტად გაგებაა საჭირო.

“ნებისმიერი ღონისძიება, კონკრეტული პირისთვის თუ კომპანიისთვის ზღაპრული სამყაროა, სადაც ჩვენ ისეთი შტრიხები შეგვაქვს, რომლებიც მას დაუვიწყარს ხდის”, – ამბობს ნინო სხირტლაძე და დასძენს, რომ ხშირად ღონისძიების ორგანიზატორები დამკვეთებს ისეთ სერვისს სთავაზობენ, რომელიც აღნიშნული კომპანიის ძლიერ მხარეს წარმოადგენს, მაგრამ შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო დამკვეთის მიზნის მისაღწევად. ასე არ ხდება “კონსიერჟ თბილისში”.

“ჩვენი უნივერსალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მომსახურება, ისევე როგორც მომხმარებლის მოთხოვნები – კომპლექსურია. არ ვუშინდებით ექსპერიმენტებს, რადგან გვჯერა გუნდის, რომელიც წლებია, ამ სფეროში მუშაობს და თამამად შეუძლია დამკვეთის სურვილების ასრულებაზე ზრუნვა”, – ამბობს ნინო სხირტლაძე.

“კონსიერჟ თბილისის” პორტფოლიოში ათეულობით შემდგარი ღონისძიებაა:

მასშტაბური საერთაშორისო ივენთები, ახალი პროდუქტების პრეზენტაციები, მსხვილი კომპანიების კორპორაციული საღამოები, ფესტივალები, გასვლითი ტურები, იუბილეები, ყველა ტიპისა და მასშტაბის ღონისძიებები.

კომპანიის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ მათი მთავარი მიზანი არა მხოლოდ ღონისძიების ორგანიზება, არამედ იმ მიზნის მიღწევაა, რომლისთვისაც ის იმართება. სწორედ ამიტომ “კონსიერჟის” გუნდი ყველა დეტალს იმდენივე ყურადღებასა და დროს უთმობს, რამდენსაც თქვენ დაუთმობდით. ღონისძიების ვიზუალურ მხარესთან ერთად “კონსიერჟ თბილისისთვის” განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა შინაარსობრივი ნაწილიც.

“ხშირად დიდი კომპანიების ტოპ-მენეჯერებსაც უჭირთ იმის განსაზღვრა, თუ რა ფორმით და რა ტექსტით უნდა მოახდინონ საკუთარი კომპანიისა თუ პროდუქტის პოზიციონირება. ამიტომ მათ ვეხმარებით გამოსასვლელი სიტყვის დაწერაში, პროდუქტის შეფუთვასა და სხვადასხვა კამპანიის დაგეგმვა/ განხორციელებაში”, – ამბობს ლიზი ხაბაზაშვილი.

“კონსიერჟ თბილისის” დამფუძნებელი განმარტავს, რომ საქართველოში საკონსიერჟო მომსახურებაზე მოთხოვნა მზარდია და წლიდან წლამდე კონკურენციის ზრდის პირობებში, იხვეწება მომსახურებაც, ამიტომ ნებისმიერ სტრუქტურას, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს, აღარა აქვს საშუალება, არ აუწყოს ფეხი ბაზრის განვითარებას.

“ქართული ბაზარი ბევრად უფრო გემოვნებიანი და დახვეწილია, ვიდრე ბევრი უცხოური ბაზარი. ქართული ბაზარი სრულ თავისუფლებას გვაძლევს როგორც კონცეფციის, ისე იდეების ნაწილში, თუმცა მას ხშირად ვერ მიჰყვება ფინანსური მხარე. კლიენტის სურვილი ჩვენთვის მთავარია, თითოეულ მათგანთან ურთიერთობა კი ორმხრივი თანამშრომლობა, სადაც ჩვენ ვისმენთ მათ სურვილებს, სანაცვლოდ კი ვთავაზობთ მომსახურებას, რომელიც ზუსტად პასუხობს ამ სურვილებს”, – ამბობს ლიზი ხაბაზაშვილი.

გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, კონტაქტები და საქმისადმი სიყვარული ის კრიტერიუმებია, რითაც კრიზისული მდგომარეობის მართვას და მის დაძლევას წარმატებით ახერხებენ. სწორედ ამიტომ ღონისძიებების მიმართულებით კომპანიის სლოგანი ასეთია – No is Not an Option!

ფოტოზე: ნინო სხირტლაძე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და ლიზი ხაბაზაშვილი, კომპანიის დამფუძნებელი.

ფოტოს ავტორი: სოფო მელიქიძე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *