10 დეკემბერს, თბილისში ხელის ჩამორთმევის მსოფლიო რეკორდი დამყარდა. 35 წლის თურქმა მსახიობმა დენის ბარიშმა და სომხური პანტომიმის თეატრის 32 წლის მსახიობმა ოგანეს აჯინიანმა აქცია The Longest Handshake-ს ფარგლებში, ხელის ჩამორთმევის ხანგრძლივობით გინესის რეკორდი დაამყარეს. აქცია თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის აღდგენას მიეძღვნა. აჯინიანი და ბარიში ერთმანეთს ხელს 43 საათის განმავლობაში ართმევდნენ.
აქცია The Longest Handshake TANGO Network-ის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც სომხურ და თურქულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს. მისი მიზანია სომხეთსა და თურქეთს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენა.
აჯინიანის და ბარიშის მიერ დამყარებულმა მიღწევამ 2011 წელს ნიუ-იორკში დაფიქსირებულ რეკორდს 25-წუთით აჯობა. მთელი ღონისძიების განმავლობაში ინტერნეტში მოვლენის ადგილიდან პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა და ყველა მსურველს შეეძლო ეყურებინა, წვიმის, ქარისა და სიცივის მიუხედავად (ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 3 გრადუსამდე დაეშვა) როგორ განაგრძობდნენ აჯინიანი და ბარიში ხელის ჩამორთმევას.