იტალიამ, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ეკოლოგიური გარდაქმნის სამინისტრო შექმნა. უწყება იტალიის საწარმოო სისტემის უფრო მდგრად მოდელზე ტრანსფორმაციის მიმართულებით იმუშავებს. როგორც ქვეყნის ახალ მთავრობაში ამბობენ, ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი გარემოს დაცვის სამინისტრო. ახალი ინსტიტუცია სრულად ახალი კონცეფციით იმუშავებს და ქვეყნის წარმოების, მოხმარებისა და ცხოვრების კულტურას შეცვლის.
ახალ სამინისტროს იტალიის ახალი მთავრობის ფარგლებში რობერტო ჩინგოლანი – იტალიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ჩაუდგება სათავეში. სამინისტრო დიდ როლს ითამაშებს ევროპული სქემის ფარგლებში $260 მილიარდის მოცულობის აღდგენის პაკეტიდან $84 მილიარდის განკარგვაში, რომლის მესამედიც სწორედ „მწვანე პოლიტიკას“ უნდა მოხმარდეს.
ეკოლოგიური გარდაქმნის სამინისტროს იდეა ევროპაში ახალი არ არის, ის საფრანგეთისა და ესპანეთის მაგალითებზე დაფუძნებით შეიქმნა. იტალიაში ახალი სამინისტრო ნაწილობრივ შეითავსებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობებს, მათ შორის ენერგოპოლიტიკის, სატრანსპორტო ემისიების, მდგრადი განვითარების პოლიტიკისა და ცირკულარული ეკონომიკის კუთხით.