ჯეფ ბეზოსმა უსახლკაროთა დასახმარებლად $118 მილიონი გამოყო

ჯეფ ბეზოსმა უსახლკაროთა დასახმარებლად $118 მილიონი გამოყო

Amazon-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოს მესამე უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა არაკომერციული ჯგუფებისთვის, რომლებიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარებიან, $118 მილიონი გამოყო. მიმდინარე წელს, Day One Families Fund-ის მიერ გრანტები ექვს რაუნდად გაიცა, 38 არაკომერციული ორგანიზაცია და 23 შტატი მოიცვა. ფონდის გაღებული თანხები $150,000-დან $5 მილიონამდე მერყეობდა.

თავად მილიარდერი ქველმოქმედის განცხადებით, მსგავსი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც ოჯახების სტაბილურობის აღდგენის შთამაგონებელ მისიას ემსახურებიან, პრივილეგიას წარმოადგენს. რაც შეეხება Day One Fund-ს, ბიზნესმენმა ფონდი 2018 წელს, ყოფილ მეუღლე მაქკენზი სკოტთან ერთად, $2-მილიარდიანი ვალდებულებით დააარსა. ამ დრომდე ფონდის სახელით 48 შტატში მდებარე ორგანიზაციებს ჯამში $640 მილიონი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ფონდის უსახლკაროთა დასახმარებლად განკუთვნილი განყოფილება Day One Families Fund-ი მიმღებ ორგანიზაციებს არ ზღუდავს და მათ გადაცემული თანხის სურვილისამებრ გამოყენების საშუალებას აძლევს, რაც საკმაოდ იშვიათი ფილანთროპიული მიდგომაა, თუმცა მაქკენზის ქველმოქმედებებისთვის დამახასიათებელი.

Forbes-ის შეფასებით, უახლესი ქველმოქმედების ჩათვლით, ბეზოსს არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ჯამში $3 მილიარდი აქვს გადაცემული, რაც მისი $166-მილიარდიანი ქონების 2%-ზე ნაკლებია.

1997 წელს, Amazon-ის საჯაროდ დალისტვის შემდეგ, ბეზოსმა ქველმოქმედებისთვის კომპანიის $4.7 მილიარდის ღირებულების აქცია გაიღო, $27 მილიარდის აქციები კი გაყიდა. Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა მილიარდერმა 2 წლის წინ დატოვა, თუმცა ის კვლავ რჩება კომპანიის უმსხვილეს ინდივიდუალურ აქციონერად (10%-იანი წილი) და საბჭოს თავმჯდომარედ.