ჯონ ჩენი Blackberry-ს გადარჩენის შესახებ

ჯონ ჩენი  Blackberry-ს გადარჩენის შესახებ

სტივ ჯობსმა ეს Apple-ში გააკეთა. ლუ გერსტნერმა და სემ პალმისანომ ეს IBM-ში გააკეთეს. მაგრამ ტექნიკურ სფეროში აღდგენა იშვიათად ხდება. ჯონ ჩენი, ნოემბრის შემდეგ BlackBerry-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, კვლავ ცდილობს ამის გაკეთებას. BlackBerry არის ჩენის აღდგენის მეორე დიდი მცდელობა. მისი პირველი მცდელობა იყო Sybase-ი, პიონერი მონაცემთა ბაზის სფეროში, რომელიც კომპანია Oracle-მა გაანადგურა. ჩენი მოვიდა, იპოვა ნიში მობილური მონაცემების სფეროში და 2010 წელს Sybase SAP-ს $5,8 მილიარდად მიჰყიდა. იანვარში მე შევხვდი ჩენს, რათა მესაუბრა BlackBerry-ს აღდგენასთან დაკავშირებით მისი გეგმების შესახებ.

რატომ არის საჭირო ეს მცდელობა? მე ვფიქრობდი, რომ მსოფლიოსთვის უკეთესი იქნებოდა ძლიერი BlackBerry-ს არსებობა. როგორც იცით, კომპანიას 44 000 პატენტი გააჩნია. მე ვიფიქრე, რომ ამის გამოსწორება შეიძლებოდა. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ რა საჭირო იქნებოდა ძალისხმევა, ეს ადვილი რომ ყოფილიყო?

Android-ი და Apple-ი ფლობენ მობილურ ბაზარს. ძლიერი Micro­soft-იც კი იბრძვის მისთვის. აქვს თუ არა მცირე მოთამაშეს გადარჩენის შანსი? რა თქმა უნდა. ავიღოთ საავტომობილო მრეწველობა; საქმე მთლიანად მოცულობაში არ არის. რას უწოდებთ Porsche-ს? რას უწოდებთ Lamborghini-ს? Porsche-ს დიდი წარმატებები აქვს. ამჟამად Porsche ემსახურება ბაზრის კონკრეტულ სეგმენტს, სარგებელი მოაქვს თავისი აქციონერებისა და მფლობელებისთვის. ის ყოველთვის მუშაობს ბაზარზე გარკვეული მიზნით, რაშიც მდგომარეობს მთელი არსი.

ხანმოკლე პერსპექტივაში, არსებობს სერიოზული საინფორმაციო ტექნოლოგიების საკმარისი რაოდენობის მომხმარებლები – იმ გაგებით, რომ ამით ისინი ფულს შოულობენ, ასეთნაირად მუშაობენ – მათ სჭირდებათ კლავიატურა. არსებობენ მსხვილი კომპანიების CEO-ები (გენდირექტორები), რომლებიც იყენებენ თავის BlackBerry-ს კლავიატურის გამო. მათ აპლიკაციები არ ადარდებთ. სხვათა შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მე ვიწყებ ღელვას იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში საიდან მოდის ეს აპლიკაციები.

რამდენი პოტენციური მომხმარებელი შეესაბამება ამ პროფილს – უნდათ კლავიატურა, მაგრამ არ უნდათ აპლიკაციები? ნებისმიერი რეგულირებადი დარგისთვის არსებობს ბაზრის უზარმაზარი სეგმენტი: მთავრობა, ფინანსური მომსახურება, ჯანმრთელობის დაცვა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია მათი ხელში ჩაგდება და გამარჯვება. ახლა მე მაქვს ორი კომპანია ევროპაში, რომელმაც შეცვალა ეს თავისი პოლიტიკა ხალხისთვის სამსახურის გასაწევად თავისი საკუთარი ხელსაწყოების მოტანის ნებართვასთან დაკავშირებით. ეს წარმოადგენს მეტისმეტ რისკს უსაფრთხოებისთვის. მას შემდეგ, რაც ანგელა მერკელი ჰაკერების მსხვერპლი გახდა, ის პირდაპირ BlackBerry-ზე გადავიდა.

თუ დავუშვებთ, რომ BlackBerry გადარჩება ხანმოკლე პერსპექტივაში, როგორი იქნება თქვენი გრძელვადიანი გეგმები? ხელსაწყოები შეიცვლება, მაგრამ უსაფრთხოების, პროდუქტიულობისა და კომუნიკაციის მოთხოვნილება ზრდას განაგრძობს. ეს არის ინტერნეტის და „კავშირის“ ყველა ასპექტის სამი სტრუქტურული ელემენტი. უსაფრთხოება წარმოადგენს თვალთვალის, მოსმენისა და კოპირების თავიდან აცილების ამოცანაზე მეტს. ის აგრეთვე დაკავშირებულია მონაცემების უსაფრთხოებასთან. თქვენს თავს უფლებას ვერ მისცემთ, რომ ვინმეს მოაპარვინოთ ან შეაცვლევინოთ თქვენი მონაცემები.

რამდენად დიდია ბაზარი მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც პროდუქტიულობა და უსაფრთხოება კომუნიკაციაზე უფრო მნიშვნელოვანია? რეგულირებადი დარგების წილი IT (საინფორმაციო ტექნოლოგიების) დანახარჯებში შეადგენს 30%-ს. მე ვვარაუდობ იმავე პროცენტს ტელეკომუნიკაციების დანახარჯებისთვის – 30%-ს.

რატომ არის ტექნიკურ სფეროში აღდგენა ასეთი ძნელი? იმიტომ რომ დროის რაოდენობა, რომელიც გაქვთ თქვენი გეგმის განსახორციელებლად, თქვენმა კონკურენტებმა შეიძლება მკვეთრად შეცვალონ. არ არის დრო შეცდომების გამოსასწორებლად. თქვენ თითქმის ყოველთვის მართალი უნდა იყოთ.

თქვენ სტრატეგია გჭირდებათ, თუ საკმაოდ სწრაფი რეფლექსები გაქვთ? თქვენ უნდა გქონდეთ მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიები. და დროის დიდი ნაწილის განმავლობაში თქვენ თამაშში უნდა შეიყვანოთ საშუალოვადიანი სტრატეგია. მე ბევრჯერ მომიწია ამის გაკეთება Sybase-ში. ჩვენ გავყევით ამ გზებს, ზოგიერთმა იმუშავა, ზოგმა კი – არა. მაგრამ ჩვენ შემუშავებული გვქონდა გრძელვადიანი გეგმა, საშუალოვადიანი გეგმა და მოკლევადიანი გეგმა. თუმცა, თუ მოკლევადიანი გეგმა არ მუშაობდა, ამოქმედდებოდა საშუალოვადიანი გეგმა. ბევრ კომპანიას მხოლოდ ერთი გეგმა გააჩნია. ეს შესანიშნავია, თუ ყველაფერი სრულყოფილად მიდის და არც ისე კარგია, როდესაც ყველაფერი ინგრევა.

რა ახასიათებს კარგ აღმდგენ გუნდს? დაჟინებულობა და ყოვლისმომცველი ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. თქვენ ქმნით გუნდს იმ შესაფერისი ადამიანების შერჩევის გზით, – ყველაფერი შესაფერის ადამიანებამდე მიდის – რომელთაც ეს ესმით. შემდეგ თქვენ ამ ადამიანებს პასუხისმგებლობას აკისრებთ. მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა და გუნდმა უნდა იცოდნენ დეტალები. თქვენ ვერ გეცოდინებათ უწვრილესი დეტალები ყველაფრის შესახებ, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ დეტალები. რეანიმაციის განყოფილებაში ექიმი პრაქტიკულ სამუშაოს ასრულებს, ხოლო აკადემიურ კლინიკაში ექიმს, როგორც იცით, შეუძლია უბრალოდ მოიქცეს როგორც პედაგოგი და მითითებები მისცეს სხვას პროცედურის განმავლობაში. აღდგენის პროცესები განსხვავებულია; ისინი რეანიმაციის განყოფილებას ჰგავს და არ შეიძლება, რომ სისხლის დანახვის გეშინოდეთ.

 

რიჩ კარლგაარდი არის პუბლიცისტი Forbes-ში. მისი შემდეგი წიგნი „რბილი ზღვარი: სად პოულობენ დიდი კომპანიები მყარ წარმატებას?“ (THE SOFT EDGE: WHERE GREAT COMPANIES FIND LASTING SUCCESS), აპრილში გამოვა. მისი წინა სტატიებისა და ბლოგების სანახავად ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს მისამართზე www.forbes.com/karlgaard.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის აპრილის ნომერში)