აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა, პლატფორმა X-ზე, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე დაწერა. იმავე განცხადებაში, უილსონმა სამხრეთ კავკასიის მომავლისთვის საჭირო რამდენიმე ძირითადი ფაქტორიც დაასახელა.
„სტაბილური, აყვავებული და დამოუკიდებელი სამხრეთი კავკასია რუსეთის, ირანისა და ჩინეთის გარეშე არის მომავალი. საჭიროებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ბოლომდე მიყვანას. ორმხრივი სარგებელი“, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ უილსონი საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტის MEGOBARI Act-ის ინიციატორია. კანონპროექტის პირობებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, აშშ-მა შესაძლოა საქართველოსთან მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტს მოაწეროს ხელი, რომელიც ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და მოგზაურობის მიმართულებებს შეეხება.
გარდა ამისა, უილსონი ერთ-ერთია კონგრესიდან, რომელიც საპროტესტო ტალღის დაწყების შემდგომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ეხმიანება. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში უილსონი „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერ მსვლელობას შეეხო:
„მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტები არიან, რომელთაც აშშ-სთან მჭიდრო კავშირის მქონე ძლიერი ქვეყანა სურთ. ისინი ეწინააღმდეგებიან ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობას, მიჰყიდოს საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ საქართველოს გვერდით დგას!“