საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზიას 2020 წლის 31 დეკემბერს 58 საფინანსო ინსტიტუცია ფლობდა*. პანდემიური წლის ბოლოს მომზადებულ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებებში კი ბევრ საინტერესო პარამეტრსა და კოეფიციენტს ვპოულობთ.
Forbes Georgia დაინტერესდა, რომელია კავკასიის უმსხვილესი საბანკო ინსტიტუცია აქტივების მოცულობით და ამასთან, იყო თუ არა მოგებიანი 2020 წელი რეგიონის კომერციული ბანკებისთვის.
კავკასიის რეგიონის კომერციული ბანკების აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსთვის $50.5 მილიარდს** მიაღწია. აქედან, სომხური ბანკების აქტივები $12.6 მილიარდის, აზერბაიჯანული ბანკების აქტივები $19.2 მილიარდის, ხოლო ქართული ბანკების აქტივები $18.7 მილიარდის მოცულობის იყო.
რეგიონში აქტივების მოცულობით ყველაზე დიდი ქართული თიბისი ბანკია. ათეულში მეორე პოზიციაზე საქართველოს ბანკი, ხოლო მეათე პოზიციაზე ლიბერთი ბანკი გვხვდება. უმსხვილესი ბანკების ათეულში ასევე ვხვდებით 4 აზერბაიჯანულ და 3 სომხურ ბანკს.
რაც შეეხება ბანკების მოგებიანობას, შარშან ფინანსური წელი მოგებით დაასრულა რეგიონის 43-მა კომერციულმა ბანკმა. პანდემიის ფონზე კი 15-მა კომერციულმა ბანკმა იზარალა, მათ შორის ყველაზე მეტი – რვა ბანკი ქართული იყო.
გასულ წელს ყველაზე მოცულობითი ზარალი აზერბაიჯანში Yelo ბანკმა იწვნია – $25.7 მილიონი. საქართველოში ყველაზე დიდი ზარალი ქართუ ბანკს ჰქონდა – $8.1 მილიონი.
რაც შეეხება 2021 წელს, პოსტპანდემიური აღდგენის დინამიკა პოზიტიურია. სამივე ქვეყნის საბანკო რეგულატორი კომერციული ბანკების მოგების ზრდას პროგნოზირებს. მოგების ზრდის პოზიტიური დინამიკა ნათლად ჩანს კომერციული ბანკების მიერ უკვე გამოქვეყნებულ კვარტალურ ანგარიშგებებშიც.
# | ბანკი | ქვეყანა | აქტივები | მოგება |
1 | TBC Bank | საქართველო | $7,138,362,319 | $40,469,770 |
2 | Bank of Georgia | საქართველო | $6,643,720,025 | $18,762,551 |
3 | International Bank of Azerbaijan | აზერბაიჯანი | $5,414,620,964 | $105,269,077 |
4 | Pasha Bank | აზერბაიჯანი | $3,595,152,879 | $46,755,080 |
5 | Kapital Bank | აზერბაიჯანი | $3,097,044,188 | $149,316,490 |
6 | Ameriabank | სომხეთი | $2,077,902,987 | $17,145,389 |
7 | Ardshinbank | სომხეთი | $1,746,980,776 | $19,389,875 |
8 | ArmBusinessBank | სომხეთი | $1,615,050,890 | $11,479,673 |
9 | Xalq Bank | აზერბაიჯანი | $1,371,126,948 | $14,762,446 |
10 | Liberty Bank | საქართველო | $979,695,229 | $9,665,566 |
* – 2021 წლის ივლისში Credo Bank-მა სრულად შეიძინა Finca Bank Georgia, შესაბამისად, ჯამში ბანკების რაოდენობა ერთით შემცირდა.
** – ეროვნული ვალუტები აშშ დოლარში კონვერტირებულია 2020 წლის 31 დეკემბრის კურსით.