ხორვატია უკრაინისთვის Mi-8 ტიპის ვერტმფრენების გადაცემას გეგმავს

ხორვატია უკრაინისთვის Mi-8 ტიპის ვერტმფრენების გადაცემას გეგმავს

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხორვატია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბჭოთა წარმოების Mi-8 ტიპის ვერტმფრენებს მიაწვდის. ხორვატიის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების დადასტურების შემთხვევაში, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები 14 ერთეულ Mi-8-სა და Mi-8MTV ტიპის საფრენ აპარატებს მიიღებს.

ხორვატიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინისათვის აღნიშნული საფრენი აპარატების გადაცემა რაციონალური გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, ამ ვერტმფრენების საოპერაციო-სასიცოცხლო ციკლი შემდეგ წელს მთავრდება. შესაბამისად, ხორვატიის სამხედრო-საჰაერო ძალები რამდენიმე თვეში მათ გამოყენებას ვეღარ შეძლებს. უკრაინელები კი მათ შერემონტებასა და გამოყენებას შეძლებენ.

ცნობისათვის, ხორვატიის თავდაცვის სამინისტრო 2026 წლისთვის ყველა საბჭოური საფრენი აპარატის ექსპლუატაციიდან ამოღებას გეგმავს. ქვეყნის მიზანი დასავლურ მოდელებზე გადასვლაა, რის გამოც აღნიშნული ვერტმფრენების შერემონტება არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ Mi-8 საბჭოური მულტიფუნქციური ვერტმფრენია, რომელიც 1960-იან წლებში შეიქმნა. სატრანსპორტო დანიშნულების გარდა, Mi-8 ტიპის ვერტმფრენებს საჰაერო-სამეთაურო პუნქტად და სადაზვერვო-სადამკვირვებლო ფუნქციითაც იყენებენ.