კრემლის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირებას პარასკევს გეგმავს

კრემლის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირებას პარასკევს გეგმავს

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირების ბრძანებას ხელს პარასკევს მოაწერს. შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმს, რომელიც უკრაინის ოთხ რეგიონში რუსეთის სამხედრო ოკუპაციის პირობებში, გარე ზედამხედველობის გარეშე ჩატარდა, კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები არ აღიარებენ.

ანექსირების ბრძანებაზე ხელმოწერით, რუსეთს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების საკუთარ ტერიტორიად გამოცხადება სურს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანი, გარდა ლუგანსკისა, რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ არ არის. რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ანექსიის ბრძანებას პარასკევს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოეწერება ხელი.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ანექსირების განკარგულებაზე ხელმოწერის შემდგომ, პრეზიდენტი პუტინი არაოფიციალური სიტყვით გამოვა. პესკოვის მხრიდან პუტინის გამოსვლის „არაოფიციალურად“ ეტიკეტირება მიუთითებს, რომ ის, სავარაუდოდ, მიმართული იქნება უცხოელი აუდიტორიისაკენ, ნაცვლად რუსეთში მყოფი დეპუტატებისა. შეგახსენებთ, რომ პუტინის ბოლო მიმართვა ტერიტორიების დასაცავად ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე მიანიშნებდა.

2014 წელს ყირიმის მსგავსად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მხრიდან ამ ოთხი რეგიონის ანექსირების აღიარებაც ნაკლებად სავარაუდოა. პირიქით, რუსეთს რეფერენდუმის ჩატარება და დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლოა, დამატებითი სანქციების ფასადაც დაუჯდეს. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების შემუშავების პროცესში არიან.

თავად უკრაინულმა მხარემ, კერძოდ კი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს „პროპაგანდისტული შოუ“ და „დანაშაული“ უწოდა. რუსეთის მიერ გამართულ რეფერენდუმში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის მხარდაჭერილმა ჩინოვნიკებმა ხმების დიდი რაოდენობა მოიპოვეს: დონეცკი – 99%, ლუგანსკი – 98%, ზაპოროჟიე – 93%, ხერსონი – 87%. ფართოდ იქნა მიჩნეული, რომ ეს შედეგები გაყალბებულია.