კრიპტობირჟა FTX-ს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ფუნქციონალი დაემატება

კრიპტობირჟა FTX-ს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ფუნქციონალი დაემატება

ცნობილი გახდა, რომ მალე, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კრიპტობირჟას, FTX-ს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ფუნქციონალი დაემატება, – ამის შესახებ ბირჟის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, აქციებითა და სხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ბეტა-ფუნქციონალით სარგებლობას, ამ ეტაპზე, ამერიკაში მცხოვრები, წინასწარ შერჩეული მომხმარებლები შეძლებენ.

ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა საკრედიტო ბარათებითა და საბანკო გადარიცხვებით იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, ცნობილია, რომ მომხმარებლები საკომისიოს არ გადაიხდიან. აღსანიშნავია, რომ ანგარიშზე თანხის შეტანას ისინი ფიატ-ვალუტით გამყარებული სტეიბლკოინებითაც შეძლებენ.

საინტერესოა, რომ გამჭვირვალობისა და სამართლიანი საფასო სისტემის შეთავაზებისთვის, FTX-ი Nasdaq-თან თანამშრომლობას გეგმავს და ამ სერვისისთვის შემოსავლის მიღებაზე უარს ამბობს. საქმე ისაა, რომ Robinhood-ი და სხვა ონლაინბირჟები PFOF-სისტემას იყენებენ, რომლითაც შეკვეთებისთვის საბროკერო კომპენსაციას იღებენ – კრიტიკოსთა აზრით, ამგვარი ბიზნეს-მოდელი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს ბადებს. ეს პრაქტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ გასულ წელს დადგა, როცა GameStop-ის აქციათა ფასმა უეცარი ზრდა განიცადა.

„FTX Stocks-ის გაშვებით, ინდივიდუალური ინვესტორებისთვის ერთიანი პლატფორმა შევქმენით, რომელიც მათ კრიპტოვალუტების, NFT-ებისა და ტრადიციული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საშუალებას აძლევს, გამჭვირვალე და მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისის დახმარებით“, – განაცხადა FTX-ის ამერიკული ოპერაციების პრეზიდენტმა, ბრეტ ჰარისონმა.

FTX Stocks-ის გარდა, საფონდო ბირჟებზე განთავსებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა Robinhood-ით, Block-ის საკუთრებაში არსებული Cash App-ითა და Public.com-ითაა შესაძლებელი – საქართველოში კი, ამგვარი ფუნქციონალი “საქართველოს ბანკის” მობაილ აპლიკაციაში არის ჩაშენებული.

საინტერესოა, რომ მაისის დასაწყისში, FTX-ის დამფუძნებელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა Robinhood-ის 7.6%-იანი წილი შესყიდვის შესახებ განაცხადა – ამ გარიგების შედეგად ის კომპანიის რიგით მესამე ყველაზე მსხვილი მეწილე გახდა. საინტერესოა, რომ კომპანიის აქციების შესაძენად ბენკმენ-ფრიდმა 13D-ტიპის ფორმა გამოიყენა, რომელსაც, როგორც წესი, იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა ინვესტორი მომავალში აქციების დამატებითი პაკეტის შეძენას გეგმავს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ, როგორც განაცხადში ვკითხულობთ, Robinhood-ის დამატებითი აქციების შეძენას ბენკმენ-ფრიდი ამ დროისთვის არ გეგმავს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ FTX-ი სწორედ ის კრიპტობირჟაა, რომელიც საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნით არის დაინტერესებული, რისთვისაც, ამა წლის მაისში, კომპანიის წარმომადგენელთა ოფიციალური დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა. მანამდე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი FTX-ის დამფუძნებელს, სემ ბინკმენ-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა, ამა წლის თებერვალში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *