ქართველი მორაგბე და რუმინეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ლაშა თავართქილაძე ამერიკაში ბავშვთა და მოზარდთა რაგბის კლუბს აყალიბებს. პროექტი უკვე დაწერილია, სპონსორები კი მოძიებული. მწვრთნელი მიზნად ისახავს დაანონსებული კლუბი ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ლიდერად აქციოს, სადაც მომავალი ვარსკვლავები გაიზრდებიან. ამისთვის კი ის სამ ქვეყანაში – საქართველოში, რუმინეთსა და ახალ ზელანდიაში დაგროვილ გამოცდილებას გამოიყენებს. Forbes Georgia-მ ამერიკაში მყოფ მწვრთნელთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც, ბუნებრივია, გვერდი ვერც ქართულ რაგბის ავუარეთ.
ლაშა, აშშ-ში ბავშვთა და მოზარდთა რაგბის კლუბის ჩამოყალიბების პროცესი რა ეტაპზეა?
დავიწყოთ იმით, რომ ამერიკა, თავისი რესურსით, ყველა სფეროში მოწინავეა. პირველად ქვეყნის სარაგბო ისტორიაში დაარსდა უმაღლესი ლიგა, აქტიურად მიმდინარეობს MLR-ჩემპიონატი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები აქაურ სარაგბო სივრცეში, მით უმეტეს, თუ ქვეყნის რესურსს გავითვალისწინებთ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის მხარდაჭერა და ფუნდამენტის შექმნა, რაც გულისხმობს ბავშვთა და მოზარდთა რაგბის განვითარებას, მაღალი რანგის სპორტსმენების ჩამოყალიბების მიზნით. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს მიწევს აქ მოღვაწეობა. ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ კლუბის ჩამოყალიბებაზე, ძირითადად იურიდიულ და ტექნიკურ საკითხებს ვაგვარებთ. ეს კომპლექსური სამუშაოა და ბევრი საკვანძო საკითხის გათვალისწინება გვიწევს.
რაც შეეხება ინოვაციებს, რის დანერგვას ფიქრობთ კლუბში?
რეალურად ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, ამ ყველაფერს დიდი დრო და რესურსი სჭირდება, პროექტი გამზადებული გვაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით თითოეულ საკითხს. არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მათ. ეს დროდადრო გამოჩნდება.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ახალი ზელანდიის სარაგბო ორგანიზაცია Crusaders-თან პროფესიული თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ვგეგმავთ. ეს ორგანიზაცია ლიდერია მსოფლიო ბაზარზე, მე თავად გავიარე საწვრთნელი კურსები ამ ორგანიზაციაში და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან. თავის დროზე Crusaders-ში მოხვედრამ და სამუშაო პროცესში ჩართვამ უნიკალური გამოცდილება და ინფორმაცია მომცა. სხვათა შორის, ერთადერთი ქართველი ვარ, ვისაც ხვდა წილად იქ მოხვედრა. მათთან მემორანდუმის ფარგლებში მოთამაშეებს საზაფხულო სარაგბო სკოლებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავგზავნით. გარდა ამისა, სწორედ ახალი ზელანდიიდან აკადემიის მწვრთნელების ჩვენთან მოწვევას ვაპირებთ.
ამერიკამდე თქვენ რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი იყავით, იქ ამოწურეთ საკუთარი თავი? რა მიღწევები დატოვეთ რუმინულ რაგბიში?
ეს მწვრთნელის ამპლუაში ეროვნულ დონეზე ასპარეზობის ჩემი პირველი ნაბიჯები იყო. თუმცა რუმინეთში არსებული ყველაზე დიდი სპორტული ორგანიზაცია CSM Bucharest-ის სარაგბო კლუბის მთავარი მწვრთნელიც ვიყავი. ჩემთვის ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჩემი მოღვაწეობის პირველივე წელს კლუბმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მეფის და ქვეყნის თასები მოიგო. ასევე დავნერგე ინოვაციური სიახლეები, რომელთაც დღესაც აქტიურად და წარმატებით იყენებენ რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში.
ქართულ რაგბიზეც რომ ვისაუბროთ, ბოლო 15 წლის განმავლობაში დიდი წინსვლა გვაქვს ამ კუთხით. თუმცა გამოწვევები ბევრია. რა სჭირდება ქართულ რაგბის?
დიახ ასეა, მიუხედავად გაზრდილი ინვესტიციებისა, ამ სფეროში ის წარმატება, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა მიაღწია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან შეუსაბამოა. მოგეხსენებათ, რაგბი თავისი კომპლექსურებიდან გამომდინარე ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ახლა მსოფლიო რეიტინგით მე-12 ვართ, ეს ძალიან კარგი შედეგია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან ამ რეიტინგით მოწინავე ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენსას რომ შევადაროთ, ძალიან დიდ განსხვავებას ვნახავთ. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ ექვსი ერის მონაწილე გუნდი დავამარცხეთ, ამ გამარჯვების შემდეგ, ვფიქრობ, ექვსი ერის კარი ჩვენთვის უნდა გაიღოს. ქართულ რაგბის მეტი რესურსი რომ ჰქონდეს, კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნებოდა.
რაგბის კავშირის წლევანდელი ბიუჯეტი 27.5 მლნ ლარს შეადგენს. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი რაგბის დაფინანსებაში?
გააჩნია ქვეყანას და მდგომარეობას, ასევე თავად სპორტის კონკრეტული სახეობის მნიშვნელობას ქვეყნისთვის, რამდენად პრიორიტეტულია ის. მე ვფიქრობ, რომ რაგბი არის ჩვენი სავიზიტო ბარათი, ჩვენ ვახერხებთ, კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე, ამიტომ საქართველოს შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ დიახ, რაგბი უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან კერძო სექტორი არ არის საკმარისად ძლიერი და არც ჩართული ამ სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგადასახადო სისტემის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მორგებული ამ სფეროში ინვესტირებით დაინტერესებულ კერძო სექტორზე. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს კეთილი ნება უნდა იყოს, რომ კერძო სექტორს მოსთხოვოს და გაუკეთოს ოპტიმალური შეთავაზებები სპორტში ინვესტირების წახალისების მიზნით.
საერთო ჯამში, თქვენი აზრით, რამდენად კარგი ბიზნესია სპორტი და კონკრეტულად რაგბი?
ბოლო წლების განმავლობაში, რაგბი გაცილებით საინტერესო გახდა კომერციული კუთხითაც, რა თქმა უნდა, თამაშის განვითარების ფონზე, გაიზარდა დაფინანსება, როგორც კერძო სექტორისგან, ასევე სახელმწიფოსგან. თუმცა, თუ შევადარებთ ფეხბურთს, ძალიან დიდ სხვაობაა არა მხოლოდ ფინანსების, არამედ კომერციული დეტალების კუთხითაც. ამიტომ გააჩნია, რას ვგულისხმობთ, როდესაც კარგ ბიზნესს ვახსენებთ, ყველაფერი შედარებითია.
დაბოლოს, თქვენს სამომავლო გეგმებს რომ დავუბრუნდეთ, გარდა ამერიკაში კლუბის ჩამოყალიბებისა, რა შედის თქვენს გეგმებში მიმდინარე და მომავალი წლისთვის?
ამჟამად ვთანამშრომლობ ნიუ-იორკის კლუბ Old Blue Ragby-სთან, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კლუბია ტიტულოვანი წარსულით. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ამ გუნდის წევრი მოთამაშის ამპლუაში ვიყავი და ყოველთვის მქონდა მათთან დაბრუნების სურვილი. ამიტომ მიმდინარე და მომავალი წელი ბოლომდე გაწერილი მაქვს ამ კუთხით. ჩემი ყურადღება კონცენტრირებული იქნება Old Blue Ragby-სა და ბავშვთა და მოზარდთა რაგბის კლუბის ჩამოყალიბება-განვითარებაზე.