დიდ ბრიტანეთში „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობა დასრულდა. 4 ივლისს გამართულ საყოველთაო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ დათვლილი არაა, თუმცა „ლეიბორისტებს“ უმრავლესობისთვის საკმარისი ხმები უკვე მიღებული აქვთ.
გამარჯვებას ზეიმობს „ლეიბორისტების“ ლიდერი კირ სტრამერი, დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კი დამარცხება აღიარა. არსებული შედეგებით, „ლეიბორისტებმა“ უმრავლესობისთვის საჭირო 326 ხმა მოიპოვეს, თუმცა ეგზიტპოლების პროგნოზით, შედეგები შესაძლოა 410 მანდატამდეც გაიზარდოს. ცნობისთვის, „ლეიბორისტებმა“ ხმების უპრეცედენტო რაოდენობა – 418 მანდატი 1997 წელს მოიპოვეს.
უმრავლესობის მოპოვებიდან მალევე, „ლეიბორისტების“ ლიდერმა კირ სტრამერმა – რომელიც გაერთიანებული სამეფოს შემდეგი პრემიერი გახდება – მხარდამჭერებს მიმართა. „ცვლილებები იწყება ახლა“, – განაცხადა სტრამერმა გამოსვლისას და დასძინა, რომ „ბრიტანეთი კვლავ იქნება მშრომელი ხალხის სამსახურში“.
სტრამერის გამოსვლიდან ცოტა ხანში, მიმართვა გაავრცელა რიში სუნაკმაც. პრემიერმა დამარცხება აღიარა და ბრიტანელი ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „გამოსაფხიზლებელი ვერდიქტი“ უწოდა.
ეგზიტპოლის შედეგებით, „კონსერვატორები“ თემთა პალატაში 650 ადგილიდან 131 მანდატს მოიპოვებენ – რაც მათ ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „კონსერვატორებს“ ხმების სოლიდური ნაწილი მემარჯვენე პარტიამ Reform U.K.-მა წაართვა, ნაიჯელ ფარაჯით სათავეში. Reform U.K. თემთა პალატაში სავარაუდოდ 14 მანდატს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა რიში სუნაკმა ვადამდელი არჩევნები მიმდინარე წლის 22 მაისს დანიშნა. სუნაკის შეფასებით, ბოლო ხუთწლიანი პერიოდი ქვეყნის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმძიმესი იყო.