LG სმარტფონების წარმოების დახურვას განიხილავს

LG სმარტფონების წარმოების დახურვას განიხილავს

ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი სამხრეთკორეული ბრენდი LG სმარტფონების წარმოების შეჩერებას განიხილავს. შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია წლის დასაწყისშიც გავრცელდა, თუმცა მაშინ კომპანიამ ეს ცნობა  უარყო. კორეული გამოცემა dongA, სხვა ინსაიდერულ წყაროზე დაფუძნებით, კვლავ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრენდის მიერ სმარტფონების წარმოების შეწყვეტა ყველაზე პროგნოზირებადი შედეგი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, LG მობილური ტელეფონების ბიზნესის გასხვისებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა Vingroup-სა და Volkswagen-თან,  თუმცა გარიგება ვერც ერთთან ვერ მოახერხა – გლობალური ბაზრის წილის 1%-სთვის LG-ის მიერ მოთხოვნილი ფასი ძალიან მაღალი იყო.

dongA-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის თანამშრომლებს აპრილის დასაწყისში ეცნობებათ. LG ეცდება, მობილურების წარმოებაში ჩართული თანამშრომლები მის სხვადასხვა წარმოებაში გადაანაწილოს, კერძოდ: საოჯახო ტექნიკისა და ავტომობილების წარმოებაში. შესაძლოა, ძველი თანამშრომლები კომპანიის შვილობილ კომპანიებშიც დასაქმდნენ, მაგალითად – LG Energy Solution-ში.

რაც შეეხება თავად LG-ის სმარტფონების ახალ სერიებს – გავრცელებული ცნობით, მათი წარმოება შეჩერებულია. სავარაუდოდ, ბრენდის ახალი მოდელები კომერციულად ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *