LVMH-ის აქციების ფასი ეცემა - არნომ უკვე $12.6 მილიარდის ქონება დაკარგა

LVMH-ის აქციების ფასი ეცემა - არნომ უკვე $12.6 მილიარდის ქონება დაკარგა

მოდის ფრანგული გიგანტ LVMH-ის აქციების ფასი ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ მკვეთრად დაეცა. კონგლომერატის შემოსავლების ზრდამ მოსალოდნელზე ცუდი შედეგები აჩვენა, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მომხმარებლები, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური შენელების პარალელურად, ფუფუნების საგნებზე დანახარჯების შემცირებას აგრძელებენ.

გუშინ, დილის ვაჭრობაში LVMH-ის აქციების ფასი წინა დღესთან შედარებით 6.6%-ით, $727-მდე დავარდა. Nasdaq-ის მონაცემებით, უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში, არნოს ფირმის აქციები 6 ოქტომბრის $780-დან, $727-მდეა შემცირებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო ექვს თვეში, აშშ-ში ინფლაციის, ხოლო ჩინეთში ეკონომიკური შენელების გავლენით, ფირმის აქციები 17%-ზე მეტით დავარდა.

რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას, MarketCap-ის თანახმად, LVMH-ის შეფასება ბოლო თვეებია, ვარდნას განაგრძობს. მხოლოდ მიმდინარე წლის 30 სექტემბრის შემდეგ ფრანგული კონგლომერატის საბაზრო ღირებულება $416 მილიარდიდან $381 მილიარდამდე დაეცა.

აქციების მკვეთრი ვარდნა კი კომპანიის მესამე კვარტალის შედეგებს – შემოსავლების მხოლოდ 9%-იან ზრდას მოჰყვა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები LVMH-ის 10%-იან მატებას უწინასწარმეტყველებდნენ, ხოლო წინა კვარტალში შემოსავლების ზრდამ 17% შეადგინა. მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა კონგლომერატის უმსხვილესი, მოდისა და ტყავის ნაწარმის განყოფილების შემოსავლები, რაც მკვეთრი ვარდნაა წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული 20%-იანი ზრდის შემდეგ.

ყველაზე მეტად კი LVMH-ის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი დაზარალდა – შემოსავლების 14%-იანი კლებაა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. შედეგებს კომპანიაში პანდემიის შემდეგ მოთხოვნის ნორმალიზებას და „ეკონომიკურ გარემოს“ უკავშირებენ, რაც კონიაკის გაყიდვებზე, განსაკუთრებით კი აშშ-ში, უარყოფითად აისახება.

Forbes-ის შეფასებით, LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარ არნო, მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ინარჩუნებს. არნომ გასული სავაჭრო დღის დაწყების შემდეგ, 12 ოქტომბრის დილის მონაცემებით, $12.6 მილიარდი დაკარგა. ამჟამად მის ქონებას Forbes-ი დაახლოებით $180 მილიარდად აფასებს.