Made in საქართველო

Made in საქართველო

2020 წელს სოციალური დისტანცირებისა და შეკრების შეზღუდვის გამო, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა. იკლო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ექსპორტის რიცხვმაც, მაშინ როდესაც 2019 წელს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა და მისი მოცულობა 43.6%-ით გაიზარდა, ჯამში, 2,565 ტონა შეადგინა. საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი ექსპორტზე როგორც კავკასიის რეგიონში, ასევე ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში გადის. მართალია, მცირე ოდენობით, მაგრამ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ექსპორტის მონაცემებში თავისი წვლილი “შავდიას“ ბრენდსაც შეაქვს, რომელიც ე.წ. “ბაიერების“ დახმარებით თავისი პროდუქციის რეალიზაციას, საქართველოს გარდა, ყოფილ დსთ-ს ქვეყნებსა და ამერიკაში ახორციელებს. ბრენდის ისტორია კი დაახლოებით 3-4 წლის წინ, ერთი საკერავი მანქანით დაიწყო. პროფესიით იურისტი ელენე შავდია, რომელსაც “თავისი პროფესიით“ არასოდეს უმუშავია, სამოსსა და ფეხსაცმელს ფიროსმანის ელემენტებითა და განსხვავებული ქართული ორნამენტებით ქმნიდა. თავდაპირველად ამ საქმეს ბიზნესის კუთხით არ უყურებდა, მაგრამ რადგან მოთხოვნა გაჩნდა, თანაც საკმაოდ დიდი, ბევრი აღარც უფიქრია, საკუთარი გვარი ბრენდის სახელად აქცია და პატარა ატელიე “შავდია“, რომელიც სრულფასოვან საწარმოდ ჩამოყალიბდა, საქართველოს საზღვრებსაც გასცდა.

ბრენდი შავდია“ კოვიდამდე და კოვიდის შემდგომ… რა გავლენა მოახდინა არსებულმა ეპიდსიტუაციამ თქვენს ბიზნესზე? როგორ აგრძელებთ ლოკდაუნის“ პერიოდში მუშაობას?

ბრენდი “შავდია“ კოვიდამდე საქართველოს მასშტაბით შვიდი მაღაზიით იყო წარმოდგენილი, კოვიდის შემდგომ მხოლოდ სამით ვოპერირებთ. აქედან გამომდინარე, თქვენც ადვილად მიხვდებით, რა გავლენა მოახდინა ეპიდსიტუაციამ ჩვენზე. რეალურად იმისთვის, რომ ბაზარზე დავრჩენილიყავით, მოგვიწია ხარჯების შემცირება, რასაც ოთხი მაღაზიის დახურვა მოჰყვა, ასევე პირადი თუ არაპირადი დანაზოგის მთლიანად ბიზნესში ჩაბრუნება მოგვიხდა. დანაზოგები კი რეალურად მისი ზრდისთვის იყო განსაზღვრული და არა შენარჩუნებისთვის. თუმცა დამდგარ რეალობას მალევე ავუღეთ ალღო. გარდა არსებული გაყიდვების წერტილებისა, პანდემიამდეც ძალიან კარგად ვმუშაობდით ონლაინრეჟიმში, ამიტომ ნამდვილად არ იყო რთული არსებულ რეალობასთან ადაპტაცია. წარმოებით დაწყებული, მიწოდებით დამთავრებული საკმაოდ ადვილად დავალაგეთ გაყიდვების ხაზი. უფრო შრომატევადი საქმეა, მაგრამ ვუმკლავდებით.

რა გავლენა იქონია გაყიდვებზე პანდემიამ? ხართ თუ არა კმაყოფილი ონლაინპლატფორმის მუშაობით?

გაყიდვები შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ ამ შემთხვევაში, პანდემიამდე, ამას დამატებული ტურისტები, და პანდემიის შემდგომ, მხოლოდ ქართველი მომხმარებელი. თუ პანდემიამდე პერიოდს ავიღებთ და ახლანდელ გაყიდვებს შევადარებთ, საერთოდ კატასტროფულ ციფრებთან გვაქვს საქმე, პროცენტულად გამოსახვას ვერც შევძლებ. თუ პანდემიის შემდგომ პერიოდს ავიღებთ, როდესაც ყველა მხოლოდ ქართველ მომხმარებელზე ვართ დამოკიდებული, დაახლოებით 30-50%-მდე შემცირდა. რაც შეეხება ონლაინპლატფორმას, აქ საწუწუნო არაფერი გვაქვს, საკმაოდ კარგად მუშაობს.

                                                            

თანამშრომლების შემცირება მოგიწიათ?

ჩვენს შემთხვევაში სამუშაო ადგილების შემცირება არ მომხდარა, უბრალოდ არსებულ თანამშრომლებს ფუნქცია- მოვალეობები შევუცვალეთ, რათა ყველა შეგვენარჩუნებინა. რაც მთავარია, შევიძინეთ ბევრი ლოიალური მომხმარებელი და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება.

პროდუქცია ექსპორტზე გაგაქვთ. რომელ ქვეყნებში ხართ წარმოდგენილი და რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

ოფიციალური წარმომადგენლობა, როგორც ასეთი, ჯერჯერობით არსად გვაქვს, რადგან გვინდა, ჩვენი ძალებით მოვახერხოთ ეს ყველაფერი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთ არ იყიდება. გვყავს საკმაოდ ბევრი ე.წ. “ბაიერები“ ყოფილი დსთ-ს ქვეყნებიდან, ამერიკიდან. სამწუხაროდ, როგორც ყველგან, მოთხოვნა ამ ქვეყნებშიც შემცირებულია. ამ პანდემიას ერთი-ერთი დადებითი მხარე ის აქვს, რომ უცხო ეთში გზავნილები შედარებით უფრო გამარტივდა და გაიაფდა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც უხვად ცხოვრობენ ჩვენი ემიგრანტები, ამის გამო ძალიან ბევრი ახალი მომხმარებელიც შევიძინეთ.

რა განაპირობებს შავდიას“ ბრენდზე მოთხოვნას?

პირველ რიგში, ის, რომ “MADE IN სა ქართველო“ -ა, მეორე, გარდა ამისა – სასიამოვნოა, როდესაც ადამიანს თავისი ისტორიის, კულტურის ნაწილი აცვია. ყოველთვის ვცდილობთ, შევქმნათ რაღაც ისეთი, რაც ახლოს იქნება ჩვენს ისტორიასთან, კულტურასთან, თვითგამოხატვასთან. ერთი შეხედვითაც ეტყობოდეს და იკითხებოდეს, რომ ის ქართულია – “MADE IN საქართველო“ – ა. ამიტომ გადავწყვიტეთ, გვეწარმოებინა პროდუქცია, რომელიც გარკვეული აზრის მატარებელი იქნებოდა, შენი პატარა საქართველო მაქსიმალურად ახლოს გეყოლებოდა შენთან. ჩვენი მესიჯია: “ატარე შენი წილი საქართველო“.

“შავდია“ უფრო საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი ბრენდია, რომელიც აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ტანისამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. მაგრამ ასევე გვაქვს პროდუქცია, რომლის შეძენაც ყველას შეუძლია. “შავდიას“ პროდუქციაზე ფასები 17 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდე ადის. კონკურენცია საკმაოდ დიდია ქართულ ბრენდებს შორის, მაგრამ ჩვენ ჩვენი ხელწერა და ხედვა გვაქვს და ამას უცვლელად მივყვებით.

როგორ განვითარდა ბრენდი შავდია”?

თავიდან შედარებით მცირე ასორტიმენტი გვქონდა, მოთხოვნასთან ერთად ასორტიმენტიც გაიზარდა. ინვესტიციას რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერი ბიზნესში გვაქვს ინვესტირებული და თუ რაიმე მოგებას ვიღებთ, ისევ ბიზნესში ვაბრუნებთ – თანხის დაბანდებით მუდმივ ზრდასა და განვითარებაში ვართ.

დაბოლოს, სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ, რას უნდა ელოდოს მომხმარებელი უახლოეს მომავალში შავდიასგან“?

ჩვენი ყველაზე დიდი სიახლე შეეხება საწარმოს (ატელიეს), რომლის გაფართოებასაც დიდი ხანია, ვფიქრობთ. ის განთავსდება პენტჰაუზის ტიპის ვიტრაჟულ შენობაში, შენობის ბოლო სართულზე, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება ჩვენს დედაქალაქზე. საწარმოში გაერთიანებული იქნება ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ჩანთების წარმოება და არა მარტო მათი. მოეწყობა სრულფასოვანი დიდი შოურუმი ფოტოსტუდიასთან ერთად. ვაპირებთ და დაწყებული გვაქვს ახალი საწარმოო დანადგარების შეძენა, რაც ასორტიმენტის გაზრდისა და ასევე სხვადასხვა სახეობის ბიზნესში ჩართვის საშუალებას მოგვცემს, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ დავტოვებთ.