მაკრონი გეგმავს, საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2.1%-დან 5%-მდე გაზარდოს

მაკრონი გეგმავს, საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2.1%-დან 5%-მდე გაზარდოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეროვნული თავდაცვის ხარჯების ზრდის ინიციატივით გამოდის. მაკრონი თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 2.1%-დან 5%-მდე ზრდას განიხილავს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

France Inter შეხვედრის რამდენიმე მონაწილეზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაცვის ხარჯების ზრდა ამერიკის შეერთებული შტატების სამომავლო გადაწყვეტილებებს უკავშირდება. გამოცემის ცნობით, ხარჯები გაიზრდება, თუ შეერთებული შტატები ნატოს მეშვეობით ევროპის დაცვაზე უარს განაცხადებს.

ამ თემას საფრანგეთის მეთაური სოციალური ქსელის მეშვეობით ხუთშაბათ საღამოს კიდევ ერთხელ შეეხო, როდესაც ინტერნეტმომხმარებლებს უკრაინის შესახებ დასმულ შეკითხვებზე პასუხობდა. მაკრონის თქმით, “ახალ ეპოქაში შევდივართ” და “რისკებიც არსებობს”. “ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში, რომელშიც მოგვიწევს გავწიოთ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ფრანგული და ევროპული, ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად”, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, სამშვიდობო ძალების განთავსება კი ქვეყანაში მოლაპარაკებების შემდგომ განიხილება.

თავდაცვის ხარჯების ზრდაზე მაკრონმა განაცხადა, რომ 5%-იანი მაჩვენებელი ზუსტი ციფრი არაა, თუმცა საფრანგეთს სამხედრო კუთხით გაძლიერება აუცილებლად დასჭირდება.

17 თებერვალს ევროპის ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ, სადაც თავდაცვის ხარჯებსა და უკრაინის დახმარებაზე იმსჯელეს. შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის ლიდერები ესწრებოდნენ. შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.