მასკი: AI მომავალ წელს ნებისმიერ ადამიანზე ჭკვიანი იქნება

მასკი: AI მომავალ წელს ნებისმიერ ადამიანზე ჭკვიანი იქნება

როგორც Tesla-ს ხელმძღვანელი პროგნოზირებს, ხელოვნური ინტელექტი, მომავალი წლის ბოლოსთვის, ნებისმიერ ადამიანზე ჭკვიანი იქნება. ინფრასტრუქტურამ კი სწრაფად მზარდი ტექნოლოგიის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. პარალელურად ილონ მასკი საკუთარი სტარტაპისთვის, xAI-ისთვის ინვესტიციების მოძიებას განაგრძობს.

„ჩემი ვარაუდით, მომავალი წლის ბოლოსთვის, ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ ადამიანზე ჭკვიანი იქნება. ხოლო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში AI-ის შესაძლებლობები ალბათ ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობებს გადააჭარბებს“, – განაცხადა Tesla-სა და SpaceX-ის CEO-მ Norges Bank Investment Management-ის აღმასრულებელ დირექტორ, ნიკოლაი ტანგენთან  ექსკლუზიურ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ გასული 18 თვის განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღწევებმა, მათ შორის ვიდეოგენერირების ხელსაწყოებისა და უფრო ეფექტიანი ჩატბოტების გაშვებამ, AI-ის გეგმები ბევრი კომპანიისთვის დააჩქარა. მათ შორის, Google-ის DeepMind-ის თანადამფუძნებლის, დემის ჰასაბისის პროგნოზით, ხელოვნური გენერალური ინტელექტი (AGI) 2030 წლისთვის მიღწეული უნდა იყოს.

მასკის ინფორმაციით, ტესტირების პროცესშია მისი AI-სტარტაპის, xAI-ის ჩატბოტის, Grok-ის მეორე ვერსია. მილიარდერის განცხადებით, Grok-ი იმაზე ჭკვიანი იქნება, ვიდრე ბაზრის ამჟამინდელი ლიდერი, OpenAI-ის GPT-4-ია.