2021 წლის შემდეგ პირველად, ბიტკოინის ღირებულებამ $50,000-ს გადააჭარბა

2021 წლის შემდეგ პირველად, ბიტკოინის ღირებულებამ $50,000-ს გადააჭარბა

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულებამ დიდხნიანი ჩავარდნის შემდეგ $50,000-ს გადააჭარბა. ბოლოს მისი ღირებულება მსგავს ნიშნულს 2021 წლის 27 დეკემბერს აღწევდა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წელს კრიპტოვალუტის ფასი 16.3%-ითაა გაზრდილი.

კრიპტობირჟა Nexo-ს თანადამფუძნებლის, ანტონი ტრენჩევის განმარტებით, $50,000-იანი ზღვრის გადაბიჯება ფინანსური მიღწევის გარდა განწყობასა და მოლოდინზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ გასულ თვეს ბიტკოინის ETF-ებზე რამდენიმე ნებართვა გასცა.

გამომდინარე იქიდან, რომ ბიტკოინი ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტაა, მისი ზრდა სხვა კრიპტოაქტივებისა თუ ბიტკოინის მფლობელი კრიპტობირჟების ზრდაზეც აისახება. მაგალითად, კრიპტოსავაჭრო პლატფორმა Coinbase-ის ღირებულება 4.9%-ით, Riot Platforms-ის კი 10.8%-ით გაიზარდა. 10.2%-იანი ზრდა დააფიქსირა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია MicroStrategy-მ, რომელიც ბიტკოინს, როგორც აქტივს, რეგულარულად ყიდულობს.

ბიტკოინის ზრდასთან ერთად 4.12%-ით გაიზარდა მეორე ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის, Ethereum-ის ღირებულებაც და $2,607 შეადგინა.