ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) წევრი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) წამყვან პოზიციას დაიკავებს, ხოლო პიტ მაროკო, რომელმაც სააგენტოს დახურვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, სახელმწიფო დეპარტამენტში დაბრუნდება. ინფორმაციას, შიდა ელ.ფოსტაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ მაროკო, რომელიც USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილის თანამდებობაზე იყო, საგარეო დახმარების ხელმძღვანელის პოზიციაზე სახელმწიფო დეპარტამენტში დაბრუნდება.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რთულ ეტაპზე, USAID-ის ხელმძღვანელობაში დავხმარებოდი, რათა ეს სააგენტო წარსული ბოროტებისგან განმეშორებინა. ახლა, როდესაც USAID-ი კონტროლის ქვეშაა, ანგარიშვალდებული და სტაბილური, მე ვაპირებ ჩემს თანამდებობას დავუბრუნდე, რათა ამერიკელ ხალხს პატივისცემა დავუბრუნო“, – წერია Reuters-ის მიერ მოპოვებულ შიდა ელ.ფოსტაში.
სამშაბათს გაგზავნილ ელ.ფოსტაში მაროკო წერს, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო – რომელიც USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად თებერვალში დაინიშნა – დაუყოვნებლივ თავის უფლებამოსილებას DOGE –ის თანამშრომელს ჯერემი ლევინს გადასცემს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ლევინი პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილის მოვალეობას შეითავსებს და მთავარ საოპერაციო დირექტორად დაინიშნება.
მაროკოს ინფორმაციითვე, USAID-ის CFO-ად კენ ჯექსონი, შტაბის უფროსად ჯოელ ბორკერტი, მის მოადგილედ კი მარკუს ტორნტონი დაინიშნება. Bloomberg-ის ინფორმაციით, ორივე მათგანი DOGE-ის თანამშრომლები იყვნენ, ჯექსონი კი, ამავდროულად, ტრამპმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლადაც დაასახელა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგარეო დახმარებების 90 დღით შეჩერების ბრძანება იანვარში გასცა. ამ პერიოდში, ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის პროექტების მის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა გამოიკვლია და ორგანიზაცია, აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო პროგრამების გატარებაში დაადანაშაულა.
როგორც რუბიომ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, ექვსკვირიანი მიმოხილვის შემდეგ, USAID-ის პროგრამების 80%-ზე მეტი გაუქმებულია და DOGE-ის თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვისაც მადლობა გადაუხადა.