Microsoft-ის $69-მილიარდიან გარიგებას ამერიკულმა სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო

Microsoft-ის $69-მილიარდიან გარიგებას ამერიკულმა სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო

Microsoft-მა Activision Blizzard-ის $69 მილიარდად შესყიდვის პროცესში წინ დიდი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც გარიგებას მწვანე შუქი ამერიკულმა სასამართლომ აუნთო. გარიგების სისრულეში მოყვანისთვის მხოლოდ ბრიტანული მარეგულირებლის მხრიდან პოზიციის ცვლილებაღა რჩება.

აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ Activision-ის აქციათა ფასი 10%-ით გაიზარდა. 64 ცენტით გაიზარდა Microsoft-ის აქციათა ფასიც და $332.47 შეადგინა.

აშშ-ის რაიონულმა მოსამართლე ჟაკლინ სკოტმა ბაიდენის ადმინისტრაციის მტკიცება უარყო იმის შესახებ, რომ გარიგება ბაზარზე კონკურენციის წესებს დააზარალებს და Xbox-ის მწარმოებელ Microsoft-ს არსებით უპირატესობას მიანიჭებს ისეთ თამაშებზე წვდომით, როგორიც „Call of Duty“-ია.

საინტერესოა, რომ აშშ-ის სასამართლო ორდერის გამოცემიდან მალევე განცხადება ბრიტანეთის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომაც გამოსცა და განმარტა, რომ პოზიციის ცვლილებისათვის ემზადება და შესაძლოა მხარეებმა უახლოეს პერიოდში შეთანხმებას მიაღწიონ.

აშშ-ის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურ კომისიას (FTC) დრო პარასკევამდე აქვს.

Microsoft-ის მიერ კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი Activision Blizzard-ის $69 მილიარდად შეძენა ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე დიდი პოტენციური გარიგებაა. მხარეებს შორის შეთანხმების დასრულებას კი უკვე ერთ წელზე მეტია, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსა თუ გაერთიანების მარეგულირებლები ხელს უშლიან. მიზეზი უსამართლო კონკურენციის გარემოს პოტენციურად ჩამოყალიბებაა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირის წინ გარიგებას მწვანე შუქი ევროკავშირის მარეგულირებელმა აუნთო. ამჯერად ნებართვა ამერიკულმა სასამართლომაც გამოსცა. ჯერი კი ბრიტანულ მარეგულირებელზე მიდგა.