Microsoft-ის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

Microsoft-ის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის აქციების ფასი, კომპანიის ხელოვნური ინტელექტის ახალი სერვისის, Copilot-ის გავლენით რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. შედეგად, სამშაბათის ვაჭრობაში 4%-იანი ზრდის შემდეგ თითოეულ აქციაზე ფასმა $359.49 შეადგინა.

ტექნოლოგიური კონგლომერატის აქციებზე დადებითად ხელოვნური ინტელექტის ახალი სააბონენტო სერვისის ღირებულების გასაჯაროებამ იმოქმედა. არსებული ინფორმაციით, Microsoft 365-ის მომხმარებლები AI-სერვისით სარგებლობას თვეში დამატებით $30-ად შეძლებენ. შედეგად, Copilot-ის გამოწერა Microsoft 365-ის სრულ პაკეტთან ერთად იქნება შესაძლებელი, რომელიც სხვადასხვა საოფისე პროდუქტს, მათ შორის Word-ს, Excel-სა და Teams-ს აერთიანებს. არსებული პაკეტების ფასი თითო მომხმარებლისთვის $12.50-დან $36-მდე მერყეობს.

Microsoft-ის აქციების ფასის მატების შედეგად, ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.67 ტრილიონამდე გაიზარდა. აქამდე აქციების რეკორდული ღირებულება, $348.10, 15 ივნისს დაფიქსირდა. მხოლოდ ბოლო თვეში Microsoft-ის აქციები 6%-ზე მეტით გაიზარდა.

ამერიკულმა კომპანიამ Microsoft Copilot-ი პირველად მარტში წარადგინა. ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ახალი სერვისით პრეზენტაციების შექმნა, შეხვედრების შეჯამება და შემომავალი ელფოსტის კატეგორიზაცია იქნება შესაძლებელი. Copilot-ი 600-მდე მომხმარებლის, მათ შორის General Motors-ისა და Goodyear-ის მიერ უკვე დაიტესტა, თუმცა უცნობია, თუ როდის გახდება ის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.