მიხეილ ლომთაძე

მიხეილ ლომთაძე

ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად მილიარდერები გახდნენ. Forbes-ის მიერ ბანკის თანადამფუძნებელ ვიაჩესლავ კიმის ქონება უკვე $2.5 მილიარდადაა შეფასებული, ხოლო მთავარი აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამაარსებლის, მიხეილ ლომთაძის $2 მილიარდად.

ეს 2020 წლის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) ყველაზე მსხვილი განთავსება იყო.

ყაზახეთის ეკონომიკა საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე აქამდე მხოლოდ ისეთი ტრადიციული სექტორებით იყო წარმოდგენილი, როგორიცაა მეტალურგია, ტელეკომუნიკაცია და ნავთობის მოპოვება. მათგან განსხვავებით, Kaspi არის სამომხმარებლო პროდუქტებზე ორიენტირებული ბანკი, რომელიც ერთდროულად საგადახდო აპლიკაციასაც წარმოადგენს და ელექტრონული კომერციის უმსხვილეს პლატფორმასაც.

Reuters-ის ინფორმაციით, Kaspi-ს ლონდონის ბირჟაზე განთავსება ჯერ კიდევ გასულ წელს იგეგმებოდა, როდესაც, ინვესტორთა შეფასებით, კომპანიის მოსალოდნელი ღირებულება $5 მილიარდის ტოლი უნდა ყოფილიყო. თუმცა საბოლოოდ Kaspi-მ აქციების შეთავაზების გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც აღმოჩნდა, ეს კომპანიის მიერ გადადგმული კიდევ ერთი სწორი ნაბიჯი იყო, რადგან 2020 წლის მიერ მოტანილმა მთავარმა გამოწვევამ კორონავირუსის თანამდევმა კრიზისმა Kaspi-ს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი უპირატესობების სწორად დანახვით, კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი მოეზიდა.

IPO-მდე Kaspi-ს მესაკუთრეები კომპანიის ხელმძღვანელები, ვიაჩესლავ კიმი (32%) და მიხეილ ლომთაძე (29%) იყვნენ. ამერიკელი ბიზნესმენის, მაიკლ ქალვის მიერ დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი Baring Vostok Capital Partners-ი ბანკის 35%-ს, ამერიკული Goldman Sachs-ი კი 4%-იან წილს ფლობს.

2019 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი $1.3 მილიარდი დოლარი, ხოლო წმინდა მოგება $515 მილიონი დოლარი იყო. 2020 წლის პირველ ნახევარში კი ჯგუფმა $740 მილიონის შემოსავალი და $286 მილიონის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

 Kaspi-ს შესახებ:

Kaspi-ს სერვისს ყოველთვიურად ყაზახეთის 18-მილიონიანი მოსახლეობიდან 7.8 მილიონი იყენებს. ლონდონის საფონდო ბირჟის თანახმად, Kaspi-ს საგადახდო სისტემაზე ყაზახეთში განხორციელებული ტრანზაქციების 66% მოდის, 33%-ს კი გლობალური ბრენდები Visa და Mastercard-ი ემსახურებიან.

დღეს Kaspi სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, ესენია:

  • საგადახდო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებსა და მოვაჭრეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთთან ციფრული ტრანზაქციები განახორციელონ. ამასთან ციფრული ბანკის მეშვეობით სხვადასხვა სამომხმარებლო სესხის აღება და დეპოზიტების მართვა არის შესაძლებელი.
  • Kaspi ამავდროულად არის მარკეტპლეისი, რომელიც მოვაჭრეებსა და მომხმარებლებს ერთიან პლატფორმას სთავაზობს. მათ შორისაა პირდაპირი საგანვადებო სერვისი, რომლის პროვაიდერიც უშუალოდ Kaspi-ია. 2019 წლის მდგომარეობით, Kaspi ყაზახეთის უმსხვილესი ონლაინმაღაზიაა, რომელსაც მთლიანი ელექტრონული კომერციის 46% ეკავა.
  • სამომხმარებლო სესხების ფართო არჩევანის შედეგად Kaspi მცირე ზომის სესხების ბაზრის ლიდერია, მასზე მთლიანად ყაზახეთის სამომხმარებლო სესხების 32% მოდის.

“Kaspi-ს მსგავს ფართო სერვისს მომხმარებლებს არც ერთი სხვა ბიზნესი არ სთავაზობს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა Alibaba-ს პრეზიდენტთან, არა ჯეკ მასთან, არამედ მის ამერიკელ აღმასრულებელთან, რომელმაც ვერ დაიჯერა, რომ ყაზახეთში ამგვარი ტექნოლოგიური კომპანია არსებობს“, განაცხადა ლომთაძემ 2017 წელს. მისი თქმით, ზრდის მთავარი შესაძლებლობა მუდმივად ახალი სერვისების შექმნაზე მუშაობაა.

Kaspi თავიდანვე ციფრულ პლატფორმად არ შექმნილა. მისი ისტორია 1991 წელს იწყება. ამ დროს ფინანსურ ინსტიტუტს Аль Барака Казахстан-ი ეწოდებოდა, 1997 წელს მან სახელი შეიცვალა და Банк Каспийский გახდა. 2008 წლიდან კი, კიდევ ერთი რებრენდინგის შედეგად, მას Kaspi Bank-ი ეწოდა.

მიხეილ ლომთაძე:

მიხეილ ლომთაძე ყაზახურ Kaspi Bank-ს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. ის საქართველოში, ქ. ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.

მიხეილ ლომთაძემ ბიზნესსაქმიანობა საქართველოში დაიწყო და 1995 წელს აუდიტორული ფირმა ჯი-სი-ჯი აუდიტი” დააფუძნა, რამდენიმე წლის შემდეგ ეს კომპანია Ernst&Young-ის ჯგუფის ნაწილი გახდა.

2002 წლიდან მიხეილ ლომთაძემ მაიკლ ქალვის Baring Vostok Capital Partners-ის საინვესტიციო მენეჯერის პოსტი დაიკავა და 2004 წლიდან მისი პარტნიორიც გახდა. შემდგომში Baring Vostok Capital Partners-ი Kaspi ბანკის ერთ-ერთი წამყვანი აქციონერი და ინვესტორიც გახდა.

მიხეილ ლომთაძე ამბობს, რომ ის ყაზახეთში სწორედ Baring Vostok Capital Partners-ის მეშვეობით მოხვდა, რომელმაც ინვესტიცია მაშინდელ Банк Каспийский-ში განახორციელა.

„ეს იყო ჩემი, როგორც Baring Vostok-ის პარტნიორის ინვესტიცია. ჩემი ყოფილი კურსელი ჰარვარდიდან ბანკში მუშაობდა და შემომთავაზა, ინვესტირებით დავინტერესებულიყავი. ყაზახეთში გავემგზავრე და ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული” ან შეიძლება ითქვას, პარტნიორობა პირველივე ნახვიდან.

Baring Vostok-მა ინვესტიცია ყაზახეთში 2006 წელს განახორციელა. შემდეგ დაიწყო 2007 წლის კრიზისი და ყველაფერი ცუდად წავიდა. მკვეთრი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა და ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ Kaspi-ის აღმასრულებელი დირექტორი გავხდებოდი. აქამდე, ჩემი დიდი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, არაფრით ვუკავშირდებოდი საბანკო სფეროს. საქართველოში მე აუდიტორული კომპანია შევქმენი პარტნიორებთან ერთად, რომელიც დღეს Ernst&Young-ის ნაწილია. შემდეგ ჰარვარდში წავედი სასწავლებლად.

ვფიქრობ, გამიმართლა. ჩემ გვერდით ყოველთვის “სწორი ადამიანები” იყვნენ. მასწავლებლები უნივერსიტეტიდან და პარტნიორები საქართველოდან, შემდეგ პროფესორები და მეგობრები ჰარვარდიდან”,- ამბობს ბიზნესმენი.

Kaspi Bank-მა ციფრული ტრანსფორმაცია განსაკუთრებული ტემპით 2011 წლის შემდგომ დაიწყო. ელექტრონული საფულის სახით არსებულ სისტემას, მიხეილ ლომთაძის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, 2014 წლიდან ელექტრონული კომერციის სისტემაც დაემატა.

Forbes Georgia-ს ინფორმაციით, მიხეილ ლომთაძის გარდა Kaspi-ს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი საქართველოდან წასულმა სხვა პროფესიონალებმაც შეასრულეს. ნომერ პირველი მარკეტპლეისის დირექტორის მოადგილის სტატუსით Kaspi-ში არის წარმოდგენილი თენგიზ მოსიძე, რომელიც მიხეილ ლომთაძის გუნდს ყაზახეთში თავიდანვე შეუერთდა მამუკა კვირკველიასთან ერთად. ეს უკანაკნელი კომპანიაში IT მიმართულების განვითარების ხელმძღვანელია. ჩვენი ინფორმაციით, ორთავე ქართველი მენეჯერი (მოსიძე და კვირკველია) ასევე ფლობენ KASPI-ს აქციებს.

„თავიდან ძალიან მარტივი მიზანი გვქონდა – გავმხდარიყავით ყველაზე დიდი ბანკი საცალო მომხმარებლების მიმართულებით. შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ არა მხოლოდ ყველაზე დიდი, წარმატებული და მოგებიანი ბანკის ჩამოყალიბება გვინდოდა, არამედ კომპანიის, რომელიც ადამიანების ცხოვრებას შეცვლიდა”, rb.ru-სთან განაცხადა ლომთაძემ. ამჟამად Kaspi.kz-ის ერთი აქციის ღირებულება $43.5 დოლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.