წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 5 233 477 ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისოების მოგება 3.4-ჯერ შემცირდა. შედარებისთვის – წინა წლის იანვარ-მარტში მიკროსაფინანსოების მოგება 17.7 მლნ ლარი იყო.
წლის პირველ კვარტალში საქართველოში 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მათი რაოდენობა 83-ს შეადგენდა. ყველაზე მეტი დასაქმებული კომპანია „კრისტალს“ ჰყავს და მათი რაოდენობა 967-ს შეადგენს. მას მოსდევს რიკო ექსპრესი 342 დასაქმებულით და მისო “კრედიტსერვისი+” 338 დასაქმებულით.
საანგარიშო პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჯამში 921031 სესხი ჰქონდათ გაცემული, საერთო მოცულობით 1 175 288 743 ლარი. აქედან 15.3 მლნ იურიდიულ პირებზე მოდის, ხოლო 1.1 მილიარდ ლარზე მეტი ფიზიკურ პირებზე.
მისოების მთლიანი აქტივები 1.5 მილიარდ ლარს აღემატება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წელი ზარალით დაასრულეს საქართველოში მოქმედმა საკრედიტო კავშირებმა. კერძოდ, მათ მიერ სებ-სთვის წარდგენილი ფინანსური ინფორმაციის მიხედვით, ზარალი 1.4 მლნ ლარს აღემატებოდა.