დაახლოებით ერთი წლის წინ მილიარდერმა ოპრა უინფრიმ, რომელიც კუნძულ მაუიზე 517 ჰექტარ მიწას უკვე ფლობდა, დამატებით $6.4 მილიონის ღირებულების 344 ჰექტარი შეისყიდა. უინფრიმ, რომელიც ჰავაიზე წელიწადში დაახლოებით ოთხ თვეს ატარებს, პირველად მაუიზე რანჩო ორი ათწლეულის წინ შეიძინა. მის მფლობელობაში არსებული ტერიტორია გადაურჩა გასულ აგვისტოს კუნძულზე გაჩენილ ხანძარს, რომელმაც 2,681 ჰექტარი გადაწვა და 100 ადამიანი იმსხვერპლა. ტერიტორიის დასახმარებლად, უინფრიმ The Rock-თან ერთად ფონდი დააარსა და თავად $10 მილიონიც გაიღო.
თუმცა მდიდრულ უძრავ ქონებაზე პანდემიის შემდგომმა ბუმმა, რამაც, თავის მხრივ, ფასების ზრდაც გამოიწვია, გაამწვავა დაძაბულობა ჰავაის მკვიდრ მოსახლეობასა და შტატის გარეთ მცხოვრებ მიწის მდიდარ მესაკუთრეებს შორის. ამას დაერთო გასულ კვირას მიღებული კანონპროექტიც, რომელიც არაამერიკელებისთვის ჰავაიზე მიწის მიყიდვას კრძალავს.
დახმარების მცდელობის მიუხედავად, უინფრი ქველმოქმედების გაშუქებისა და საზოგადოებისთვის სახსრების თხოვნის გამო გააკრიტიკეს, ნაწილისთვის კი საეჭვო იყო, თუ სად გაქრა ის $100 მილიონი, რომელსაც ჯეფ ბეზოსი ხანძრისგან განადგურებულ კუნძულს დაჰპირდა. თუმცა, ბეზოსის სპიკერის ინფორმაციით, მილიარდერმა ცხრა საქველმოქმედო ორგანიზაციას ჯამში $15.5 მილიონი უკვე გადასცა.
ამერიკის უმდიდრესი ადამიანები წლებია, რაც ჰავაიზე მიწებს ყიდულობენ, თუმცა არცერთი მათგანი არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას მათი საკუთრების სიდიდის შესახებ. ამერიკული Forbes-ის მონაცემებით, ჰავაის ექვს უდიდეს კუნძულზე სულ მცირე 37 მილიარდერი ფლობს კოლექტიურად, მინიმუმ 88 ათას ჰექტარ მიწას. ეს არის შტატის მთლიანი ფართობის დაახლოებით 5.3% და არასამთავრობო საკუთრებაში არსებული მიწის 11.1%. შესაბამისად, Forbes-ის მიერ აღრიცხული 37 მილიარდერი, ჰავაის 1.4-მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 0.003%-ს შეადგენს, თუმცა კერძო მიწის 11%-ზე მეტს ფლობს.
წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომლებიც ჰავაიზე მიწებს ფლობენ:
- ლარი ელისონი – 35,535 ჰექტარი
ქონების წმინდა ღირებულება: $140.2 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: Oracle
ჰავაის უდიდესმა მიწის მესაკუთრემ, Oracle-ის მილიარდერმა თანადამფუძნებელმა ლარი ელისონმა, ლანაის დაახლოებით 97% $300 მილიონად, 2012 წელს შეისყიდა. მალევე მილიარდერმა კუნძულზე მდიდრული ველნეს-კურორტი, Sensei, a Four Seasons-ი განათავსა, ასევე რესტორნები დ ქანდაკებების კოლექცია. თუმცა ადგილობრივები ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი საცხოვრებლების დეფიციტს უჩივიან.
- სტივ ქეისი – 23,228 ჰექტარი
ქონების წმინდა ღირებულება: $1.5 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: AOL
AOL-ის თანადამფუძნებელი დაიბადა და გაიზარდა ჰავაიზე და ზუსტად იმ სკოლაში სწავლობდა, სადაც ბარაკ ობამა. ქეისი ამჟამად შტატის სიდიდით მეორე მილიარდერი მიწის მესაკუთრეა – 57 ათასზე მეტი ჰექტარით. მათ შორისაა 35,170 ჰექტარი Grove Farm-ი კაუაიზე, რომელიც იჯარით გასცემს მიწებს მდგრადი განვითარების პროექტებისთვის.
- კუეკ ლენგ ჩანი – 22,456 ჰექტარი
ქონების წმინდა ღირებულება: $9.9 მილიარდი, წყარო: ბანკინგი, კერძო საკუთრება
მალაიზიელი მაგნატი კუნძულ მოკოკაიას მესამედს ფლობს. 2008 წლამდე კუეკი კუნძულზე უზარმაზარ რანჩოს ამუშავებდა, მის საკუთრებაში იყო გოლფის მოედნები და სასტუმროც. თუმცა მათი ფუნქციონირება მას შემდეგ შეწყდა, რაც სახელმწიფომ კუეკის შეთავაზებული განვითარების გეგმები არ დაამტკიცა. ამჟამად კუნძულის მცხოვრებლები მის უკან გამოსყიდვას ცდილობენ.
- ფრენკ ვანდერსლოტი – 2,650 ჰექტარი
ქონების წმინდა ღირებულება: $3.3 მილიარდი, წყარო: ველნეს-პროდუქტები
ჯანდაცვისა და ველნეს-ბიზნესის მილიარდერი და Melaleuca-ს დამფუძნებელი კუაიზე ისტორიულ 105 ჰექტარი ფართობის Valley House-ის ქონებას ფლობს. სწორედ აქ გადაიღეს „კარიბის ზღვის მეკობრეები“ და „იურული პერიოდის პარკი“.
- ნილ ბლუმი – 1,578 ჰექტარი
ქონების წმინდა ღირებულება: $6.3 მილიარდი, წყარო: უძრავი ქონება
მიწის მართვის კომპანია Kaanapali Land-ში 30%-იანი წილით, ბლუმი 3 ათასზე მეტ ჰექტარს ფლობს. მილიარდერის ქონება მოიცავს საცხოვრებელ უძრავ ქონებას, გოლფის მოედნებს, კონსერვაციისთვის გამოყოფილ ტერიტორიებსა და ა.შ.
- ბრედ კელი – 1,112 ჰექტარი
ქონების წმინდა ღირებულება: $2.7 მილიარდი, წყარო: თამბაქო
აშშ-ში 1 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობით, კელი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მიწის მესაკუთრეა. თამბაქოს ყოფილმა მეწარმემ ჰავაიზე არსებული ქონება 2013 წელს გააფართოვა, როდესაც სტივ ქეისის Grove Farm-დან 2,750 ჰექტარი შეიძინა. ამჟამად მიწის ნაწილი მობილური ტელეფონების ანძების კომპანია American Tower-ზე აქვს იჯარით გაცემული.
- ოპრა უინფრი – 861 ჰექტარი
ქონების წმინდა ღირებულება: $2.8 მილიარდი, წყარო: სატელევიზიო შოუები
უინფრის ჰავაიზე არსებული საკუთრება მოიცავს საძოვრებსა და ორგანულ ფერმებს. ოპრა ასევე რგავს ადგილობრივ სახეობებსაც. ხანძრის შემდეგ, კუნძულის დასახმარებლად, მილიარდერმა ფონდი დააარსა და თავად $10 მილიონიც გაიღო.
- მარკ ცუკერბერგი – 586 ჰექტარი
ქონების წმინდა ღირებულება: $166 მილიარდი, წყარო: Facebook
Meta-ს თანადამფუძნებელმა კუაიზე, 1,450 ჰექტარ მიწის ნაკვეთში დაახლოებით $145 მილიონი გადაიხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ცუკერბერგი მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბუნკერს აშენებს, თუმცა ინფორმაცია მისი მიწების შესახებ ძირითადად კონფიდენციალურია.
- ტადაში იანაი – 202 ჰექტარი
ქონების წმინდა ღირებულება: $40.1 მილიარდი, წყარო: მოდის ინდუსტრია
იაპონიის უმდიდრესი ადამიანი და ტანისამოსის საცალო ვაჭრობის კომპანია Uniqlo-ს დამფუძნებელი გოლფის მოყვარულიცაა. ათ წელზე მეტი ხნის წინ მილიარდერმა $75 მილიონად Maui Land & Pineapple-ისგან ორი გოლფის მოედანი შეიძინა.
- მარკ ბენიოფი – 121.4 ჰექტარი
ქონების წმინდა ღირებულება: $10.2 მილიარდი, წყარო: ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფა
ბენიოფის მიწის დიდი ნაწილი, 160 ჰექტარი, უმეტესად ვაკანტური ნაკვეთია, რომელიც მან და მისმა მეუღლე ლინდამ 2022 წელს შეიძინეს. წყვილი ამ მიწის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენებას აპირებს. 282 ჰექტარი მათ Hawaii Island Community Development Corporation-ის უკვე გადასცეს.