მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა 2028 წლისთვის 100%-ით გაიზრდება

მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა 2028 წლისთვის 100%-ით გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და Fitch Solutions-ის კვლევითი განყოფილება BMI-ის შეფასებით, მსოფლიოს ყველაზე მზარდი ეკონომიკა 2028 წლისთვის, 100%-ზე მეტ ზრდას მიაღწევს, ძირითადად ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის სექტორიდან მიღებული მოგების ხარჯზე. IMF-ის პროგნოზით, 800,000-მდე ადამიანით დასახლებული ქვეყნის, გაიანას მშპ-ი, წლის ბოლომდე, „უკიდურესად სწრაფი ტემპით“, 38%-ით გაიზრდება.

BMI-ის შეფასებით კი, „მიმდინარე წელს გაიანაში ფეთქებად ზრდას უნდა ველოდოთ“, ხოლო მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 115%-ით გაიზრდება.

გარდა ამისა, BMI-ის პროგნოზით, Exxon Mobil-ის ხელმძღვანელობით გაიანაში ახალი ოფშორული საბადოების გახსნასთან ერთად, ქვეყანაში ნავთობის დღიური მოპოვება, არსებული 390,000 ბარელიდან, 2027 წლისთვის მილიონ ბარელამდე გაიზრდება. Exxon Mobil-ის თანახმად, „სტაბროეკის ბლოკი“, სადაც ახალი საბადოების გახსნა იგეგმება, 6.6 მილიონი ჰექტრის ოფშორული ნავთობის რეზერვუარია, რომელიც,  სავარაუდოდ, 11 მილიარდ ბარელ ნავთობს ინახავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2022 წელს გაიანამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი, მთლიანი შიდა პროდუქტის 62.3%-იანი ზრდა დააფიქსირა და ამ სტატუსს, სავარაუდოდ, მიმდინარე წელსაც შეინარჩუნებს. ნავთობის მოპოვების გარდა, ინვესტიციების დახმარებით, სწრაფად იზრდება ქვეყნის სატრანსპორტო და სამშენებლო სექტორები, მათთან ერთად კი IMF-ი გაიანისთვის სოფლის მეურნეობისა და სამთო-მომპოვებელი ინდუსტრიების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.