პანდემიამ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა და უმსხვილეს ნავთობკომპანიებს დარტყმა მიაყენა. ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი გლობალურად 4.5%-ით დაეცა 2019 წელთან შედარებით, ნავთობზე მოთხოვნა კი 9%-ით შემცირდა. 2020 წლის აპრილში იყო შემთხვევა, როდესაც WTI-ის ნავთობის ფიუჩერსების ფასი ნულსაც ჩამოსცდა, რაც 1983 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ყოველდღიური ვარდნა იყო. ბევრი ადამიანი ელოდა, რომ მოთხოვნის მკვეთრი შემცირება ხანგრძლივ გავლენას მოახდენდა ინდუსტრიაზე, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელს მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
ნავთობის აღორძინება და ენერგოკრიზისის გაღრმავება
მსოფლიო ენერგოდეფიციტის წინაშე დგას, დედამიწის უმეტეს ნაწილში კი ზამთრის პიკი ჯერ არ დამდგარა.
კრიზისის პერიოდში მწარმოებელთა მხრიდან მიწოდების შეზღუდვამ და პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცედურებმა ენერგიაზე მოთხოვნა მაქსიმალურად გაზარდა და ქვეყნებს შორის ნავთობპროდუქტებისთვის ბრძოლა გამოიწვია, რის შედეგადაც ნავთობის ფასი პანდემიის წინა ნიშნულს დაუბრუნდა.
ერთი ბარელი WTI-ის ტიპის ნავთობის ფასმა 80 დოლარს გადააჭარბა, აშშ-ში ბუნებრივი აირის ფასი კი ერთ მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე 6.5 დოლარს გაუტოლდა, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროპაში ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასი 2020 წლის მაისის შემდეგ 1,300%-ით გაიზარდა.
რასაკვირველია, ნავთობისა და გაზის უმსხვილესი კომპანიები სარგებლობენ ენერგორესურსების აღორძინების ტალღით. ზემოთ მოცემული ინფოგრაფიკა ასახავს CompaniesMarketCap.com,-ის მონაცემებს, სადაც ჩამოთვლილია ნავთობისა და ბუნებრივი აირის 20 უმსხვილესი კომპანია საბაზრო კაპიტალის მიხედვით (2021 წლის 7 ოქტომბრის მდგომარეობით).
„დიდი ნავთობი“: ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმსხვილესი კომპანიები საბაზრო კაპიტალის მიხედვით
ნავთობისა და გაზის უმსხვილესი კომპანიების სახელები ჩვენთვის საკმაოდ ცნობილია, რამეთუ ხშირად ვხედავთ მათ ბენზინგასამართ სადგურებზე. საბაზრო კაპიტალის მიხედვით მათი ინდექსი შემდეგნაირად გამოიყურება:
„საუდი არამკო“ ტრილიონერ კომპანიათა კლუბის წევრია და საბაზრო კაპიტალის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. მისი საბაზრო ღირებულება სიაში შემავალი სხვა 19 კომპანიის საერთო ღირებულებას თითქმის უთანაბრდება. აღსანიშნავია, რომ „არამკო“ მხოლოდ ორი წლის წინ, 2019 წლის დეკემბერში გახდა საჯარო კომპანია. თუმცა, საუდის არაბეთის ნავთობგიგანტის ღირებულება გასაკვირი ნამდვილად არ არის. 2019 წელს „არამკო“ 88 მილიარდი დოლარის წმინდა შემოსავლით მსოფლიოში ყველაზე მოგებიანი კომპანია იყო. 2020 წელს მას Apple-მა გადაუსწრო, თუმცა ნავთობის გაზრდილი ფასების წყალობით „არამკო“ 2021 წელს პირველობას დაიბრუნებს.
მიუხედავად იმისა, რომ „სტანდარდ ოილი“ ერთი საუკუნის წინ დაიშალა, მის მემკვიდრეობას დღეს „დიდი ნავთობის“ კომპანიები აგრძელებენ. კერძოდ, „ექსონ მობილი“ და „შევრონი“, რომლებსაც სიაში მეორე და მესამე ადგილები უკავიათ, „სტანდარდ ოილის“ უშუალო შთამომავლები არიან, ხოლო „შელმა“ და „ბი პიმ“ თავის დროზე „სტანდარდ ოილის“ აქტივები შეიძინეს.
ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმსხვილესი კომპანიების გეოგრაფიული განაწილება ამ ინდუსტრიის გლობალურობაზე მეტყველებს. სიაში შემავალი 20 კომპანია 10 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს. მათ შორის ექვს კომპანიას აშშ-ში აქვს სათავო ოფისი, ოთხს – რუსეთში, დანარჩენებს კი ჩინეთში, ბრაზილიაში, საუდის არაბეთსა და ევროპაში.
„დიდი ნავთობის“ დიდი ემისიები
წიაღისეული საწვავის ბუნებიდან გამომდინარე, ნავთობისა და გაზის უმსხვილეს კომპანიებზე სათბურის აირების ემისიის მნიშვნელოვანი ნაწილიც მოდის.
კერძოდ, „საუდი არამკო“ მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციული დამაბინძურებელია: 1965 წლიდან მოყოლებული, მასზე სათბური აირების მთლიანი ემისიის 4% მოდის. სათბური აირების უმსხვილესი გამომყოფი კომპანიების სიაში ასევე მოხვდნენ „შევრონი“, „გაზპრომი“, „ექსონ მობილი“ და სხვა ნავთობგიგანტები.
დაბალნახშირბადიანი მომავალი უდავოდ მოითხოვს წიაღისეულ საწვავებზე დამოკიდებულების შემცირებას. თუმცა გლობალური ენერგოკრიზისი ცხადყოფს, რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიისგან ჩვენი სრული ჩამოშორება უახლოეს მომავალში შეუძლებელი იქნება.