„მთავრობის სპეციალური თანამშრომელი“ - რა როლი აკისრია ილონ მასკს ადმინისტრაციაში?

„მთავრობის სპეციალური თანამშრომელი“ - რა როლი აკისრია ილონ მასკს ადმინისტრაციაში?

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მილიარდერი ილონ მასკი „მთავრობის სპეციალური თანამშრომლის“ რანგშია წარმოდგენილი. თეთრი სახლის ინფორმაციით, მასკი, რომელსაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი აბარია, გაწეული საქმიანობისთვის ანაზღაურებას არ მიიღებს, თუმცა უფრო ნაკლები შეზღუდვაც შეეხება, ვიდრე სრულ განაკვეთზე მყოფ პირებს.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი „მთავრობის სპეციალურ თანამშრომლად“ უკვე დასახელდა და სამთავრობო ელექტრონული ფოსტის მისამართიც მიიღო. მასკს, თეთრ სახლში, პირადი საოფისე სივრცეც გამოუყვეს. ვინაიდან მასკი ანაზღაურებას არ მიიღებს, მილიარდერს ფინანსური საინფორმაციო ფორმების შევსებაც არ მოუწევს. იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, საჯარო ფინანსური ფორმების წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, თუ პირი 60 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იკავებს თანამდებობას ან გაწეულ სამუშაოში გასამრჯელოს იღებს.

იუსტიციის დეპარტამენტის წესდების საფუძველზე, „მთავრობის სპეციალური თანამშრომლის“ სამუშაო ვადა ფედერალურ მთავრობაში 130 დღემდეა განსაზღვრული. დასაქმებულზე ვრცელდება თითქმის ყველა წესი და მითითება, რომლებიც სრულ განაკვეთზე მყოფ პირსაც ევალება, თუმცა ისინი უფრო ნაკლებად შემზღუდავია, რადგან მათი როლები დროებითია.

სააგენტოს ცნობით, „მთავრობის სპეციალურ თანამშრომელს“ ეკრძალება გადაწყვეტილების მიღება საკითხებზე, რომლებიც შესაძლოა ფინანსურ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ასევე შემთხვევებზე, როდესაც საქმე ეხება იმ კომპანიას ან ორგანიზაციას, რომლისთვისაც ისინი მუშაობენ. გარდა ამისა, აკრძალულია საკუთარი როლის გამოყენება არჩევნებში ჩარევისა და გავლენის მოხდენის მიზნით და აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობაც.

ჯერჯერობით უცნობია, არღვევს თუ არა მასკი, რომლის SpaceX-ს აქვს მილიარდობით დოლარის ღირებულების ფედერალური კონტრაქტები, ფედერალური თანამშრომლების ეთიკურ შეთანხმებებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, რომლის გაუქმებასაც მასკი ითხოვს, მილიარდერის Starlink-თან ორი აქტიური ხელშეკრულება აკავშირებს. ექსპერტთა ნაწილის შეშფოთებით, არსებობს საშიშროება, რომ პოზიციაზე ყოფნის პერიოდს მასკი თავისი კომპანიების სასარგებლოდ გამოიყენებს. თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა ამ საკითხთან მიმართებით აღნიშნა, რომ მასკს არ შეეხება სამთავრობო საქმეები, რომლებმაც შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს: „თუ რამე პრობლემა იქნება, ჩვენ მას [მასკს] ამ საქმესთან ახლოს არ მივუშვებთ“.

დონალდ ტრამპმა ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პერიოდში წარადგინა. მასკთან დეპარტამენტს ყოფილი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ვივეკ რამასვამი ხელმძღვანელობს. ტრამპის ხედვით, აღნიშნული დეპარტამენტის დანიშნულება სამთავრობო ხარჯების მაქსიმალურად შემცირება, ბიუროკრატიის დასუსტება და არსებული რეგულაციების რეფორმირებაა.

შეგახსენებთ, წინასაარჩევნო პერიოდში მასკი ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი და უმსხვილესი შემწირველი იყო. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა რესპუბლიკელი კანდიდატის კამპანიისთვის $200 მილიონზე მეტი გაიღო. SpeceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ქონებას ამერიკული Forbes-ი ამ დროისთვის $404.6 მილიარდად აფასებს.