მთვარის რუსულმა მისიამ კონტროლი დაკარგა და მთვარის ზედაპირს შეეჯახა

მთვარის რუსულმა მისიამ კონტროლი დაკარგა და მთვარის ზედაპირს შეეჯახა

Roscosmos/Vostochny Space Centre/Handout via REUTERS/File photo

რუსეთის მიერ, 47-წლიანი პაუზის შემდეგ, მთვარეზე გაგზავნილმა მისიამ კრახი განიცადა. კოსმოსურმა ხომალდმა, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე უნდა დამჯდარიყო, კონტროლი დაკარგა და მთვარის ზედაპირს შეეჯახა. კოსმოსური ხომალდის დაკარგვის შედეგად, რუსეთის ათობით მილიონი დოლარი და თითქმის 50-წლიანი მცდელობა წყალში ჩაიყარა.

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, Roskosmos-ის ინფორმაციით, ხომალდთან კავშირი შაბათს, 11:57 საათზე შეწყდა. მისიის წარმატების შემთხვევაში, Luna-25 მთვარეზე დღეს დილით უსაფრთხოდ უნდა დაშვებულიყო. რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევას სპეციალური საგამოძიებო კომისია შეისწავლის და წარუმატებლობის მიზეზს დაადგენს. რუსი მეცნიერები Luna-25-ზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. კოსმოსური ხომალდის მთვარეზე წარმატებით დასმის შემთხვევაში, რუსეთი მთვარის ათვისებისათვის რბოლაში ბრუნდებოდა, თუმცა, მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე სატელიტი, Sputnik-1, 1957 წელს პირველმა გაუშვა. სწორედ საბჭოთა კავშირმა გაგზავნა პირველი ადამიანიც კოსმოსში – 1961 წელს. თუმცა, რუსეთს მთვარეზე მისიის გაშვება 1976 წლის შემდეგ არ უცდია. Luna-24-ის შემდეგ Luna-25 პირველი მთვარის მისია გახლდათ, რომელსაც მთვარის ზედაპირიდან გარკვეული სინჯები უნდა მოეგროვებინა შემდგომი შესწავლისთვის.

შეგახსენებთ, რომ ამჯერად რუსეთი მთვარის ათვისებაში კონკურენციას ინდოეთის კოსმოსურ სააგენტოს უწევდა. ინდური ხომალდის, Chandrayaan-3-ის მთვარეზე დაჯდომა ამ კვირისთვის არის დაგეგმილი. სხვადასხვა ინფორმაციით, რუსეთმა ამ მისიის განვითარებისათვის ამ პერიოდის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.