ქვეყნების ეკონომიკა მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო მეტად ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების საკითხებს, რადგან მისი უარყოფითი ზეგავლენა ახლა კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა. შექმნილი ჯანდაცვისა და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემია შესაძლოა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენდეს.
პანდემიის ფონზე, როდესაც კარანტინის პირობებში, მართალია, დროებით, მაგრამ საგრძნობლად შემცირდა სათბური გაზები და წარმოიშვა ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული გზები, გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევა გაორმაგებული ძალისხმევით მოხდება.
ინვესტორები თანხმდებიან იმაზე, რომ კლიმატის ცვლილების დასაძლევად აუცილებელია ერთობლივი მიდგომა, კლიმატზე ნეგატიური ზეგავლენის შემარბილებელი ღონისძიებების გატარება და საინვესტიციო გადაწყვეტილებების ადაპტირება, და, ამავდროულად, განვითარების ალტერნატიული გზების მოძიება.
ეს კი, თავის მხრივ, ისეთი ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების შემოღებას უწყობს ხელს, როგორიცაა მწვანე ობლიგაციები. ამონაგები თანხებით ნაწილობრივ ან სრულად, მხოლოდ გარემოსდაცვითი და კლიმატური სარგებლის მქონე ახალი ან არსებული მწვანე პროექტების დაფინანსება ან რეფინანსირება ხდება, რაც ინვესტორებთან ურთიერთობის ინოვაციური ფორმატია, რომელიც გამჭვირვალობასა და ანგარიშგებას უწყობს ხელს და ასევე ემსახურება სათბური გაზების შემცირებას და ენერგოეფექტიანობის პოპულარიზაციას.
მწვანე ობლიგაციებისა და სესხების ბაზარი იზრდება. 2019 წელს ამ ბაზარმა დაახლოებით $257 მილიარდს მიაღწია. უმრავლესობა ხელმძღვანელობს მწვანე ობლიგაციების პრინციპებით (Green Bond Principles), ერთ- ერთი ყველაზე მეტად აღიარებული მწვანე ობლიგაციების სტანდარტით და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (International Capital Market Association) დირექტივებით, რომლებიც გამჭვირვალობის, ანგარიშგებისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს ეყრდნობა.
საქართველომ ახლახან გადადგა პირველი ნაბიჯები მწვანე ობლიგაციების ბაზარზე, ქვეყნის ერთ- ერთი წამყვანი ინფრასტრუქტურული კომპანიის Georgia Global Utilities (GGU) მიერ 5-წლიანი $250 მილიონის ოდენობის ევრობონდის ემისიით, რაშიც აზიის განვითარების ბანკმა (ADB) მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის წამყვანი ინვესტორი გახდა ბოლო წლებში სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში მსგავსი წარმატებული ემისიების შედეგად მიღებული კომერციული და ორგანიზაციული გამოცდილების საფუძველზე. ეს იყო სამხრეთ კავკასიაში პირველი მწვანე ობლიგაციები.
ობლიგაციები სუფთა ენერგიაზე გადასვლისა და განვითარების გეგმებისაკენ სწრაფვაში საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლაა. წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და განახლებადი ენერგიის გამომუშავების ხელშეწყობით საგრძნობლად შემცირდება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის ეკოსისტემაზე.
ADB-ის მიერ GGU-ს მწვანე ობლიგაციების საშუალებით განხორციელებული დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების მიმდინარე გაუმჯობესებას. ამონაგები თანხებით მოხდება წყლის დანაკარგების შემცირებისა და გაუმჯობესებული წყალმომარაგებისა და წყალარინების დაფინანსება, წყალმომარაგების ქსელის აღდგენა, დამატებითი მრიცხველების და მართვის თანამედროვე სისტემების მონტაჟი წარმადობის ასამაღლებლად. აღნიშნული დახმარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ADB-ის მზაობას, ხელი შეუწყოს საჯარო და კერძო სექტორის პროექტებს, რომელთა საშუალებით საქართველოს მასშტაბით ხუთიდან ოთხი მომხმარებელი გაუმჯობესებული წყალმომარაგების მომსახურებით ისარგებლებს.
რეგიონში პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებით ADB ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრად პროექტებში ინვესტირებას და პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში კლიმატის ცვლილების თაობაზე გათვალისწინებული მდგრადი განვითარების გეგმების მიღწევას. გასულ წლებში მწვანე ობლიგაციების გამოცდილება ADB-ის აქვს ფილიპინებზე Ayala Corporation-ის სრულ მფლობელობაში არსებული მისი შვილობილი კომპანია AC Energy-ის მიერ 2019 წელს გამოშვებული 10-წლიანი $410 მილიონის ოდენობის ობლიგაციების ტრანზაქციაში; კორპორაცია სინგაპურის საფონდო ბირჯაზე არის გაცხადებული. ამონაგები თანხებით დაგეგმილია განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსება ვიეტნამში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე.
მწვანე ობლიგაციები შესაძლოა მთავრობების მხრიდან კარგი საპასუხო ქმედება იყოს პანდემიის შედეგად შემცირებული ეკონომიკური საქმიანობის აღსადგენად. შემცირებული ლიკვიდურობის პირობებში ეს შესაძლოა კაპიტალზე წვდომის კარგი შესაძლებლობა იყოს და კერძო სექტორში ინვესტორთა ნდობის ამაღლების და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის ფაქტორი გახდეს.
დიდი პოტენციალის მიუხედავად, მწვანე ობლიგაციების გამოშვება კერძო სექტორის კომპანიების მიერ განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში ჯერ კიდევ შეზღუდულია ძირითადად, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიებს არ გააჩნიათ ინფორმაცია მოთხოვნების შესახებ, ხოლო ინვესტორებს გამოცდილება აკლიათ. საუკეთესო გამოსავალი კი რეგიონში კერძო სექტორის მწვანე ობლიგაციების ბაზრის შექმნა და მწვანე ობლიგაციების გამოშვებაა სანდო კომპანიის მიერ, რომელიც ამ სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით ხელმძღვანელობს – როგორც აზიის განვითარების ბანკის შემთხვევაში, როდესაც ის GGU-ს მიერ გამოშვებული ობლიგაციების წამყვანი ინვესტორი გახდა.
საქართველოს კარგი შესაძლებლობები აქვს რეგიონში ლიდერობისთვის. დღეს საქართველო მსოფლიოში აღიარებულია მის მიერ პანდემიის წინააღმდეგ გატარებული წარმატებული ქმედებებისთვის და კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით. ინოვაციების ხელშეწყობის მზაობა, საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრირებისა და წარმატებული მმართველობის გამოცდილება საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შესაძლებლობას აძლევს.
საერთაშორისო ინვესტორებთან, განვითარების საფინანსო ინსტიტუციებთან და მდგრადი განვითარების მიმდევარ სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს შეუძლია განაგრძოს გამჭვირვალე, კორპორაციულ მმართველობასა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით გარემოსდაცვითი მიზნებისკენ სწრაფვა. მწვანე დაფინანსებისთვის სახარბიელო საფუძვლების ხელშეწყობით, საქართველო წამყვან პოზიციებს დაიკავებს.
საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის ასევე დიდი სარგებელი ექნება ფინანსებზე კერძო სექტორის წვდომის ხელშეწყობას. ამან, შესაძლოა, ინვესტიციები სუფთა და მდგრად პროექტებში მოიზიდოს, ამავდროულად, ხელი შეუწყოს ქალაქების ინკლუზიური ინფრასტრუქტურის შემუშავებას და თანამედროვე ეკონომიკის შესაბამისი სამუშაო უნარების ჩამოყალიბებას.
შეზღუდვების თანდათანობით მოხსნასთან ერთად საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, დაძლიოს პანდემია ინოვაციური, ინკლუზიური და დივერსიფიცირებული ეკონომიკური მოდელის დანერგვით და ახალი, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი, მიდგომით.