მუდმივად ახალი აღმოჩენების ძიებაში - საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მოსწავლე საბა გოდუაძე

მუდმივად ახალი აღმოჩენების ძიებაში - საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მოსწავლე საბა გოდუაძე

„ყოველთვის მაინტერესებდა ტექნიკური საგნები, განსაკუთრებით კი მიყვარდა მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. ამიტომ, როდესაც STEM სკოლის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში“, – ასე იწყება საუბარი ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე საბა გოდუაძესთან, რომელიც STEM სკოლის პროექტის მონაწილეა.

STEM სკოლა საქართველოს ბანკის ინიციატივით და კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მთელი ქვეყნის მასშტაბით STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

დღეს პროექტში, საქართველოს მასშტაბით, 200 მოსწავლე მონაწილეობს, მათგან რეგიონში მცხოვრებ საუკეთესო შედეგის მქონე 63 ახალგაზრდას კი საქართველოს ბანკი სწავლას სრულად უფინანსებს. ბანკის სტიპენდიატთა შორისაა საბა გოდუაძეც, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე გამოცდაში მაღალი ქულები მიიღო.

„პატარაობიდან ვოცნებობდი, მეცნიერი გამოვსულიყავი. ეს გზა არ შემიცვლია და ახლაც ვფიქრობ, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით გავაგრძელო სწავლა. მჯერა, რომ STEM სკოლაში მიღებული ცოდნა აუცილებლად დამეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში“, – ამბობს საბა.

როგორც გვიხსნის, გაკვეთილები ძალიან საინტერესო და ინფორმატიულია. თეორიულ ცოდნასთან ერთად მოსწავლეები იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, სიმულაციების სასწავლო პროცესში გამოყენება კი გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესს კიდევ უფრო მეტად მარტივად აღქმადს და გასაგებს ხდის.

STEM სკოლის გაკვეთილებზე დრო შეუმჩნევლად გადის. ვიგებთ ბევრ, ძალიან საინტერესო ინფორმაციას. ყველაზე მეტად მათემატიკის და პროგრამირების საგნები მომწონს, რადგან ორივე აზროვნებას მოითხოვს და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია“, – გვიხსნის საბა.

ამბობს, რომ სწავლის დაწყებამდე, STEM სკოლა თავისი შინაარსით ჩვეულებრივი სკოლის მსგავსი წარმოედგინა. თუმცა, მისი მოლოდინი არ გამართლდა. „პირველივე გაკვეთილმა ჩემში აღფრთოვანება გამოიწვია. მივხვდი, რომ ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი სკოლა“, – ამბობს საბა.

ამჟამად ის ზაფხულის შეჯიბრებისთვის ემზადება, სადაც თანატოლებს რობოტიკის მიმართულებით დავალებების წარმატებით შესრულებაში გაუწევს კონკურენციას. სამომავლოდ კი აპირებს, მეცნიერ-გამომგონებელი გამოვიდეს, რადგან სიახლეების ძებნა და ახალი აღმოჩენები სწორედ ისაა, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს.

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად კი ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკის მისიაა, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. სწორედ ამ მიზნით, ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებისთვის ქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. S