ნავთობის მოპოვება და გადამუშავება საქართველოში

ნავთობის მოპოვება და გადამუშავება საქართველოში

საქართველოში 2017 წელს 23425.53 ტონა ნავთობი გადამუშავდა. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, შედეგად მიღებულ იქნა:

ნაფთა – 3424.9 ტონა;

ბენზინი – 2197.7 ტონა;

დიზელი – 9986.9 ტონა;

მაზუთი – 8751.9 ტონა.

შპს “გლობუსი” და შპს “ზდ ნავთობის კომპანია” საქართველოში ლიცენზირებული ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ორივე საწარმოზე ლიცენზიები 2015 წელს გაიცა და განისაზღვრა 25 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი, 98%-ით დამოკიდებულია უცხოეთიდან შემოტანილ საწვავზე.

შპს “გლობუსის” ქარხანა მდებარეობს ქ. თბილისში რკინიგზის სადგურ “ველის” მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი წარმადობა ტექნოლოგიური პროექტის მიხედვით შეადგენს 80.000 ტონას წელიწადში.  შპს “ზდ ნავთობის კომპანია” მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში,  ვაზიანის ტერიტორიაზე და მისი წარმადობა  წელიწადში  130.000 ტონაა.  ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შპს “გლობუსი” სხვადასხვა მიზეზის გამო ამ ეტაპზე არ ახორციელებს ნედლი ნავთობის გადამუშავებას.

რაც შეეხება საქართველოში ნავთობის მოპოვებას, – ის საკმაოდ მცირე მოცულობისაა და წლების განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, 2016 წელს ნავთობის მოპოვებამ საქართველოში 38 557 ტონა შეადგინა. შედარებისთვის ეს ციფრი 2015 წელს 40 206 ტონას შეადგენდა, 2014 წელს 42 632 ტონას, 2013 წელს 47 863 ტონას, ხოლო 2012 წელს კი 48 977 ტონას.

ამავე პერიოდში მოპოვებული ნავთობიდან, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წილი 17 102 ტონა იყო, ხოლო 21 455 ტონა კი კონტრაქტორის.