ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე თითქმის 30%-ით დაეცა, ვინაიდან OPEC-მა ვერ შეძლო მოკავშირეებთან შეთანხმების მიღწევა წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით.
ორშაბათის დილის მონაცემებით, „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი 26,4%-ით შემცირდა და ერთ ბარელზე 33,32 დოლარი შეადგინა. WTI-ს ტიპის ნავთობი კი 27,62%-ით დაეცა და 29,88 დოლარი შეადგინა.
საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ნავთობის ოფიციალური გაყიდვის ფასზე მასობრივ ფასდაკლებას აპირებს აპრილში, ამასთან, ქვეყანა ემზადება წარმოების გაზრდისთვის დღეში 10 მილიონი ბარელის ოდენობით. ამჟამად საუდის არაბეთში დღეში 9,7 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებენ. თუმცა, მათ შეუძლიათ ეს მაჩვენებელი 12.5 მილიონამდე გაზარდონ დღეში.
„ნავთობის ბაზრის პროგნოზები იმაზე უარესია, ვიდრე 2014 წლის ნოემბერში იყო, როდესაც ფასების მსგავსი ომი დაიწყო, ვინაიდან ახლა ნავთობზე მოთხოვნა კორონავირუსის გამო მნიშვნელოვნად მცირდება“, – განაცხადა Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა დემიენ კურველინმა.
შეგახსენებთ, Goldman Sachs-მა „ბრენტის“ ტიპის ნავთობზე პროგნოზი ბარელზე $30-ით შეამცირა მეორე და მესამე კვარტლისთვის. მათივე მოლოდინით, შესაძლებელია ნავთობზე ფასი 20 დოლარამდე დაეცეს.