რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩები წლევანდელი ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალზე მიწვეულნი არ იქნებიან. შეგახსენებთ, ღონისძიება 10 დეკემბერს, სტოკჰოლმში გაიმართა.
„ჩვენ პატივს ვცემთ შვედეთის დამოკიდებულებას, აქედან გამომდინარე, ფონდის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გასული წლის გამონაკლისის მსგავსად, ცერემონიალზე არ მოიწვიოს რუსეთის, ბელარუსის და ირანის ელჩები“, – ნათქვამია შვედეთის დედაქალაქში დაფუძნებული ორგანიზაციის განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გადაწყვეტილებას „ჰუმანიზმის გამარჯვება“ უწოდა.
მანამდე, ხუთშაბათს, ფონდმა განაცხადა, რომ დაუბრუნდებოდა უკრაინის ომის დაწყებამდე არსებულ პრაქტიკას და მოიწვევდა სამივე ქვეყნის წარმომადგენელს მიმდინარე წლის ნობელის ღონისძიებაზე. ამ გადაწყვეტილებას ფონდი „ნობელის პრემიის ღირებულებისა და გზავნილების“ გადაცემის მცდელობით ხსნიდა, როგორც ეს გააკეთა 2022 წელს, როდესაც ადამიანის უფლებათა დამცველებს რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან, რომლებიც რუსეთის ომის დანაშაულების დოკუმენტირებას ეწეოდნენ, მშვიდობის პრემია მიანიჭა.
ნობელის პრემიის გამარჯვებულები 2 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლინდებიან, ხოლო დაჯილდოების ღონისძიება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 10 დეკემბერს, სტოკჰოლმში გაიმართება. ფონდის ინფორმაციით, ოსლოს ცერემონიალზე, რომელიც დამოუკიდებლად, ასევე 10 დეკემბერს იმართება, ყველა ელჩი მიწვეული იქნება.