ზელენსკიმ თავდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა

ზელენსკიმ თავდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ზელენსკიმ დაკავებული თანამდებობიდან ოლექსი რეზნიკოვი გაათავისუფლა და მის ადგილას რუსტემ უმიეროვის კანდიდატურა წარადგინა.

„რეზნიკოვმა სრულმასშტაბიან ომში თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე 550-ზე მეტი დღე გაატარა. მე მჯერა, რომ სამინისტროს ახალი მიდგომები, ჯართან და საზოგადოებასთან ინტერაქციის ახალი საშუალებები სჭირდება“, – ნათქვამია ზელენსკის მიერ „ტელეგრამზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება ზელენსკის მიერ სამხედრო მმართველობის ცვლილების მორიგი ნაბიჯია. შეგახსენებთ, რომ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ზელენსკიმ, სავარაუდო კორუფციული ნიშნების გამოვლენისთვის, თანამდებობიდან სამხედრო ხელმძღვანელობის რამდენიმე პირი გაათავისუფლა.

რუსტემ უმიეროვის კანდიდატურა უკრაინის პარლამენტმა ამ კვირაში უნდა დაამტკიცოს. უმიეროვი აქამდე უკრაინის სახელმწიფო სიმდიდრის ფონდს ხელმძღვანელობდა. უკრაინის თავდაცვის ახალ მინისტრს რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოების დიდი გამოცდილება აქვს. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს უკრაინელების მხრიდან სწორედ ის ხელმძღვანელობდა. რუსტემ უმეიროვი განაგებდა მაღალი მნიშვნელობის სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხებსაც. ასევე, ის ჩართული იყო შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების პროცესშიც. როგორც ცნობილია, უკრაინის ისლამურ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების გადაწყვეტილების ერთ-ერთი ინიციატორიც სწორედ უმიეროვი გახლდათ.