Nokia-მ სმარტფონებზე ბოლო მსხვილ საპატენტო ლიცენზიას მოაწერა ხელი

Nokia-მ სმარტფონებზე ბოლო მსხვილ საპატენტო ლიცენზიას მოაწერა ხელი

Nokia-მ სმარტფონებზე კომპანიის ბოლო მსხვილ საპატენტო ლიცენზიაზე შეთანხმებას მიაღწია. შედეგად, ფინურმა სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელმა დაასრულა სმარტფონების პატენტის ლიცენზიის განახლების ციკლი, რომელიც 2021 წელს დაიწყო.

რომელ კომპანიასთან გააფორმა Nokia-მ სალიცენზიო ხელშეკრულება, ამ დრომდე უცნობია. ფინურმა მწარმოებელმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ეს იყო უკანასკნელი მსხვილი სალიცენზიო ხელშეკრულება სმარტფონებზე, რომელიც ამ დრომდე მოლაპარაკებების ეტაპზე რჩებოდა. „Nokia-ს სალიცენზიო ბიზნესი – Nokia Technologies – ახლა უკვე სტაბილურობის ეტაპზე გადადის. უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანია სმარტფონებზე ახალი შეთანხმებების გაფორმებას აღარ განიხილავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, Nokia-მ ჯამში სმარტფონებზე შვიდი მსხვილი საპატენტო შეთანხმება გააფორმა, მათ შორის Honor-თან, OPPO-სთან, Vivo-სთან, Apple-თან და Samsung-თან გასულ წელს, ხოლო Huawei-სთან 2022 წლის დასასრულს.

Nokia Technologies-ის პრეზიდენტის, ჯენი ლუკანდერის განცხადებით, გაფორმებული შეთანხმებები ხაზს უსვამს კომპანიის საპატენტო პორტფოლიოს სიძლიერეს და იმ ფაქტს, რომ სმარტფონების ინდუსტრია კვლავ აქტიურად განაგრძობს დივაისებში მათი ტექნოლოგიების გამოყენებას.

2000 წლიდან Nokia-მ დაახლოებით 150 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა R&D-ში, რომელიც, თავის მხრივ, 20 ათასამდე პატენტის ოჯახს აერთიანებს – კოლექციას, რომელიც ერთი ან მსგავსი ტექნიკური კონტენტისგან შედგება. შედეგად, Nokia კვლავ ლიდერ კომპანიად რჩება საპატენტო პორტფელის ინდუსტრიაში.