გუშინ, ნახევარგამტარების გიგანტმა, Nvidia-მ რეკორდული კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რის შემდეგაც კომპანიის აქციათა ფასები საფონდო ბირჟაზე კიდევ უფრო გაიზარდა.
FactSet-ის ინფორმაციით, მეოთხე კვარტალში Nvidia-მ გაყიდვებიდან $22.1 მილიარდი მიიღო, რაც 265%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსური ანალიტიკოსების პროგნოზი მეოთხე კვარტალში $20.4 მილიარდის გაყიდვების დაფიქსირება იყო, თუმცა, როგორც ხედავთ, რეალური შედეგები მოლოდინზე ბევრად მაღალი აღმოჩნდა.
კიდევ უფრო შთამბეჭდავია კომპანიის მოგების ზრდა. მეოთხე კვარტალში Nvidia-მ წმინდა შემოსავლის სახით $12.3 მილიარდი მიიღო, რაც წლიდან წლამდე 769%-იან ზრდას გულისხმობს. ეს მაჩვენებელი კომპანიისთვის რეკორდულია. ამასთანავე, Nvidia-ს მიერ ერთ აქციაზე მიღებულმა შემოსავალმა ნავარაუდევი $4.59-ის ნაცვლად $5.16 შეადგინა.
საინტერესოა ისიც, რომ Nvidia 2020 წლის შემდეგ კომპანიის შემოსავლების შესახებ ინვესტორთა და ანალიტიკოსთა ყველა მოლოდინს ამართლებს, 2022 წლის მესამე კვარტალის შემდეგ კი ფინანსურ შედეგებს გადაჭარბებით ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მესამე კვარტალია, რაც Nvidia მოგებისა და გაყიდვების კუთხით რეკორდულ მაჩვენებლებს აქვეყნებს. თუმცა, კომპანია გაჩერებას არ აპირებს. Nvidia-ს განცხადებით, მიმდინარე კვარტალიც რეკორდული იქნება და გაყიდვებიდან ნავარაუდევი $22.1 მილიარდის ნაცვლად $24 მილიარდს მიიღებს.
მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Nvidia-ს აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღის ბოლოს 8%-ით გაიზარდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $1.67 ტრილიონს შეადგენს.