ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში დახმარების ყველაზე დიდი კოლონა შევიდა

ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში დახმარების ყველაზე დიდი კოლონა შევიდა

ისრაელზე მზარდი ზეწოლის ფონზე, ომის დაწყებიდან ნახევარ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ღაზაში დახმარების ყველაზე დიდი კოლონა შევიდა. საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გადატანა 322 სატვირთო მანქანის საშუალებით განხორციელდა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

ისრაელზე ზეწოლა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაიზარდა. უახლესი მონაცემებით, ღაზაში, დამხმარე მუშახელის გარდაცვალების 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანას მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაში უკვე აქტიურად ადანაშაულებენ, რის გამოც, შესაძლოა შემოწმების ობიექტადაც იქცეს. დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმაც.

ღაზის ტერიტორია კვირას საკვებით დატვირთულმა 228 სატვირთო მანქანამ გადაკვეთა. ამის შესახებ ღაზის ტერიტორიაზე ისრაელის სამთავრობო საქმიანობის კოორდინატორმა განაცხადა.

დახმარების დაჩქარება ორშაბათის საჰაერო თავდასხმების შედეგად, World Conflict Kitchen-ის შვიდი მზარეულის სიკვდილმაც განაპირობა. მათგან ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე იყო, რის გამოც, თეთრმა სახლმა დაუყოვნებლივ მოითხოვა „სპეციფიკური, კონკრეტული და გაზომვადი ნაბიჯები მშვიდობიან მოსახლეობაში ზიანისა და არსებული ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად და დამხმარეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

პრეზიდენტ ბაიდენთან ხუთშაბათს გამართული დაძაბული საუბრის შემდეგ, ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებით, ისრაელმა ხელახლა გახსნა ერეზის გადასასვლელი – დიდი სასაზღვრო შესასვლელი ჩრდილოეთ ღაზასა და ისრაელს შორის – და გადასაზიდად აშდოდის პორტის გამოყენების ნებართვაც გასცა.