OpenAI თვეში საშუალოდ $80 მილიონს გამოიმუშავებს

OpenAI თვეში საშუალოდ $80 მილიონს გამოიმუშავებს

The Information-ის ცნობით, ChatGPT-ის შემქმნელი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი OpenAI ყოველთვიურად საშუალოდ $80 მილიონს გამოიმუშავებს. შედეგად, 2024 წლისთვის, კომპანიის წლიურმა შემოსავალმა შესაძლოა $1 მილიარდს გადააჭარბოს.

გასულ წელს, გენერაციული  AI-ჩატბოტ ChatGPT-ის მომხმარებლისთვის შეთავაზებამდე, კომპანიის წლიური შემოსავალი მხოლოდ $28 მილიონს უტოლდებოდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ChatGPT-ი ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაცია გახდა. გაშვებიდან სულ რაღაც ორ თვეში, OpenAI-ის ჩატბოტის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 100 მილიონს მიაღწია.

ChatGPT-ის პოპულარობის ზრდით, OpenAI-ის საშუალება აქვს გარკვეულწილად აანაზღაუროს გასულ წელს მიღებული ზარალი, რომელიც ფლაგმანი ჩატბოტის გამოშვების შემდეგ, $540 მილიონამდე გაორმაგდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში, $300 მილიონის ღირებულების აქციების გაყიდვის შემდეგ, კომპანია, არაოფიციალურად, $27 მილიარდად იყო შეფასებული.

ამ კვირაში OpenAI-მ, ჩატბოტის ბიზნესვერსია ChatGPT Enterprise გაუშვა, რომელიც უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის გაუმჯობესებული ფუნქციებითაა აღჭურვილი. კომპანიის განცხადებით, ChatGPT-ის ამოქმედებიდან სულ რაღაც ცხრა თვეში, Fortune 500-ში შემავალი კომპანიების 80% მათ ჩატბოტს იყენებს.