ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია | მიზეზები

ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია | მიზეზები

ორშაბათს ოქროს ფასმა, ბოლო კვირებში შენარჩუნებული ზრდის ტემპის გავლენით, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ძვირფასი  ლითონის ფასების მატება პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების ზრდის დამსახურებაა, რამაც ინვესტორებს შორის ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინები წარმოშვა.

ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე, ორშაბათის შეფასებით, ერთი უნცია ოქროს ფასი 1.7%-ით, $2,938-მდე გაიზარდა. ორშაბათის ვაჭრობაში ოქროს ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილ კანონმდებლობასთან, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფის დაწესების თაობაზე. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი ტარიფები ძალაში 4 მარტიდან შევა და ეს ყველა ქვეყანას შეეხება.

BlackRock Investment Institute-ის მონაცემებით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ოქრო, ღირებულების 44%-იანი ზრდით, თორმეტ წამყვან გლობალურ აქტივს შორის ხვდება. ანალიტიკოსები ლითონის ფასების კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ. JPMorgan-ის ანალიტიკოსები 2025 წლისთვის ოქროს სამიზნე ღირებულებად $2,950-იან ნიშნულს ინარჩუნებენ, Citigroup-ის შეფასებით კი, ერთ უნციაზე ლითონის ფასმა $3,000-იან ნიშნულს უნდა მიაღწიოს.

ერთ უნციაზე ოქროსთვის $3,000-იანი ნიშნულის მიღწევას ორშაბათის ფასების 3%-ზე ნაკლებით ზრდა დასჭირდება. ოქრო მოულოდნელად გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფინანსური აქტივი ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ერთ-ერთი უძველესი ინვესტიცია კაცობრიობის ისტორიაში. ერთ უნციაზე ოქროს ღირებულებამ $1,000-ს პირველად 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს მიაღწია, $2,000-ს კი 2020 წლის COVID-19-ის პანდემიის დროს.