Paramount-ი Baby Shark-ზე სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს გადაიღებს

Paramount-ი Baby Shark-ზე სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს გადაიღებს

მას მერე, რაც ამა წლის იანვარში ვირუსული საბავშვო მუსიკალური კლიპი, სახელწოდებით „Baby Shark“-ი YouTube-ის ისტორიაში პირველი ვიდეო გახდა, რომელმაც 10 მილიარზე მეტი ნახვა დააგროვა, მან კიდევ ერთ ნიშანსვეტს მიაღწია: ბავშვების საყვარელ ზვიგენების ოჯახზე Paramount-ი სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს გადაიღებს, რომელიც კინოეკრანებზე 2023 წელს გამოჩნდება.

თუმცა ამგვარმა განცხადებამ არ უნდა დაგაბნიოთ, რადგან კინემატოგრაფიულ ფორმატში Baby Shark-ი აქამდეც გადაუღიათ: გასულ წელს ჩვენებათა ლიმიტირებული რაოდენობით კინოეკრანებზე ერთსაათიანი ფილმი, სახელწოდებით „Pinkfong and Baby Shark’s Space Adventure“ გამოჩნდა. ისე კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქმეში Paramount-ის ჩართვის ფონზე, გაცილებით უფრო მასშტაბურ ფილმს უნდა ველოდოთ, რაც YouTube-ზე ატვირთული ორწუთიანი ვიდეოსთვის – გასაოცარი მიღწევაა.

აღსანიშნავია, რომ Baby Shark-ის ფილმის შესახებ დეტალები ამ დრომდე უცნობია – ერთადერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ ამ ფილმზე Nickelodeon Animation-ი და Pinkfong Company ერთობლივად იმუშავებენ. შეიძლება ითქვას, რომ „Baby Shark”-ი გლობალური პოპულარული კულტურის ერთგვარ ფენომენად იქცა: ამ სიმღერას მსოფლიოს გარშემო მილიონობით ბავშვი უსმენს, სიმღერაზე დაფუძნებული შოუ წამყვან საბავშვო ტელეარხზე, Nickelodeon-ზე გადის, მასზე დაყრდნობით ფილმი გადაიღეს და არაერთი NFT-იც გამოუშვეს.