„ფორსაჟის“ მეცხრე სერიის ჩვენება, მიუხედავად პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვებისა, საქართველოს კინოთეატრებში ანშლაგით გრძელდება. დარბაზებში ფილმის ჩვენება შესაბამისი წესების დაცვით მიმდინარეობს.
საქართველოში ფილმის მიმართ ასეთ ინტერესს ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ისიც, რომ ფილმის ეპიზოდების ნაწილი სწორედ აქ არის გადაღებული. თუკი „ფორსაჟის“ ახალი სერია მსოფლიო კინოგაქირავებაშიც წარმატებული იქნება, ალბათობა, თბილისის ხედებით ისე მოიხიბლონ მაყურებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომ მოგზაურობის სურვილიც გაუჩნდეთ, ძალიან მაღალია.
საგულისხმოა, რომ „ფორსაჟის“ ახალ სერიას წარმატების შანსები ნამდვილად აქვს. მისი ერთ-ერთი სერია ბოლო 30 წლის ყველაზე შემოსავლიანი ბლოკბასტერების ათეულში გვხვდება. მართალია, ეს რეიტინგი ფილმის ხარისხს დიდად არ განსაზღვრავს და ზოგადადაც, რთულია ნამუშევრის ღირებულების განსაზღვრის ობიექტური კრიტერიუმები არსებობდეს.
Box Office Mojo–ის მონაცემებით, 1990 წლიდან დღემდე გადაღებული ფილმებიდან ყველაზე შემოსავლიანი ფილმი „ავატარია“. Box Office Mojo-ის მონაცემები მხოლოდ კინოგაქირავებიდან მიღებულ თანხებს ითვალისწინებს და არა შემოსავლის სხვა წყაროებსაც, როგორიცაა, მაგალითად, ბრენდირებული საქონლის გაყიდვები.
2009 წელს გადაღებული ოსკაროსანი „ავატარი“ კვლავ პირველია, $2.84 მილიარდის შემოსავლით. „ავატარს“ ლიდერობა მცირე ხნით „შურისმაძიებლებმა“ დააკარგვინა, თუმცა ჩინეთის ბაზარმა მას პირველობის დაბრუნების შესაძლებლობა მისცა.
- Avengers: Endgame – $2,797,501,328 (2019)
- Titanic – $2,201,647,264 (1997)
- Star Wars: Episode VII – The Force Awakens – $2,068,455,677 (2015)
- Avengers: Infinity War – $2,048,359,754 (2018)
- Jurassic World – $1,670,516,444 (2015)
- The Lion King – $1,657,870,986 (2019)
- The Avengers – $1,518,815,515 (2012)
- Furious 7 – $1,515,255,622 (2015)
- Frozen II – $1,450,026,933 (2019)
50 ყველაზე შემოსავლიანი ფილმიდან ნახევარზე მეტი „დისნეის“ პროდუქციაა, რაც მას ერთ-ერთ საუკეთესო კინოდისტრიბუტორად აქცევს. ორმოცდაათივე ფილმის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მწარმოებლებიდან რომლის ფილმები ლიდერობს, მარტივი ჩამოსათვლელია:
- Disney – 26 ფილმი
- Universal Studios – 8 ფილმი
- Warner Bros – 8 ფილმი
- 20th Century Fox – 2 ფილმი
- Paramount – 2 ფილმი
- New Line Cinema – 1 ფილმი
- Dreamworks – 1 ფილმი
- Sony – 2 ფილმი
ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ორმოცდაათეულში კი არა, ასეულშიც გაგიჭირდებათ 2020 წელს გამოსული რომელიმე ეკრანიზაციის პოვნა.
პანდემიის გავლენა გასართობ ბიზნესზე საკმაოდ მასშტაბურია: 2020 წელს სალაროების გლობალურმა შემოსავალმა $12,4 მილიარდი შეადგინა, რაც თითქოს ცოტა არ არის, თუმცა 2019 წელთან შედარებით 70%–იანი წლიური ვარდნაა.
მიუხედავად მსგავსი სურათისა, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პანდემიამდელი პირობების აღდგენა რთული არ უნდა იყოს. STXfilms- ის თავმჯდომარე, ადამ ფოგელსონი, The Deadline-თან ინტერვიუში ამბობს, რომ „ხალხს მოსწონს საკუთარი სახლების დატოვება და ერთად გართობა, ემოციური კომუნიკაციის გამოცდილება… არ ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება“.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნამდვილად რთული სათქმელია, იქნება თუ არა „ფორსაჟის“ მეცხრე სერია მეშვიდეს მსგავსად წარმატებული. შესაბამისად, მოგვიწევს, ქართველ მაყურებელთან ერთად დაველოდოთ ფილმის მიერ გლობალურ სალაროებში მობილიზებულ შემოსავლებს.