გაკვეთილები მზარეულისგან, რომელმაც კარიერა მცირე მეწარმეობით დაიწყო.
ამ ადამიანის საქმიანობა ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორიც არის “ვანსი” ან Samsung-ი; Fast Company, ახლებური სამზარეულოს შემქმნელი “ლეკრუსე” და სხვები. ელენ ბენეტი, Hedley & Bennett- ის დამფუძნებელი და CEO, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოდური და წარმატებული მზარეულია ბაზარზე. ბოლო ექვსი წლის მანძილზე, Hedley & Bennett-ის (ან, როგორც თავად უწოდებს, “ჩრდილოეთის ვარსკვლავი”) მისია შემდეგია: უზრუნველყოს საუკეთესო წინსაფრების წარმოება ახალგაზრდა მზარეულებისთვის, გრილის ოსტატების, არტისტებისა და მცხობელებისთვის. როდესაც ბენეტი ლოს-ანჯელესის ორი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში მუშაობდა, მიხვდა, რომ სტაფი, სამუშაოს ბუნებიდან გამომდინარე, გაცვეთილი და დასვრილი წინსაფრებით მუშაობდა. ამიტომაც, ჯიბეში 300 დოლარით, ახალი წინსაფრის უფრო პრეზენტაბელური ვერსიის შექმნა გადაწყვიტა. ექვსი წლის შემდეგ ეს “პატარა წინსაფრების კომპანია” ფართოდ გავრცელებულ ბრენდად გადაიქცა.
გასული წელი ბენეტისთვის დიდი წინსვლის პერიოდი აღმოჩნდა როგორც პროფესიული, ისე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით. ახალი კოლაბორაციების წყალობით, მისი კომპანია საგრძნობლად გაიზარდა. ასევე შეიქმნა მათი პირველი საცდელი სამზარეულო ლოს- ანჯელესის ერთ-ერთ ქარხანაში. თუმცა ბენეტი ამას გარდა სახლების ინტერიერზეც მუშაობს და მალე დაქორწინებასაც გეგმავს. “არასოდეს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, თვითკმაყოფილი ვყოფილიყავი. ეს ჩემს კომპანიასაც ეხება. ყოველთვის ვცდილობ, უფრო მეტი ვისწავლო და უკეთესი ლიდერი და პარტნიორი გავხდე, – ამბობს ის. – საუკეთესო ბიზნესიდეები ის იდეებია, რომლებიც პრობლემის გადაჭრას ინოვაციური მიდგომით გულისხმობს”. ბენეტმა აქცენტი იმ სამ პუნქტზე გააკეთა, რომლებიც მის კომპანიას ზრდაში დაეხმარა.
მიიღე კრიტიკა და მოახდინე ცვლილებები
მისი ბიზნესის მნიშვნელოვანი გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც ბენეტმა გადაწყვიტა, რჩევები სხვებისთვისაც ეკითხა. “ჩვენი კომპანიისთვის რთული პერიოდი იყო, ამიტომ ვამჯობინე, დახმარება მეთხოვა და ბიზნესის კუთხით მრჩეველი დამექირავებინა. საკმაოდ რთულია, კრიტიკისთვის მზადყოფნის მიზნით საკუთარი დაუცველობა გამოამჟღავნო”. ბიზნესკონსულტანტმა ბენეტს ურჩია, კარგად გაერკვია, რა მიზნები და სურვილები ჰქონდა მის სტაფს და ამ ყველაფერზე მის კომპანიას შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. ბენეტი მალევე მიხვდა, რომ მისი თანამშრომლების უმეტესობას არ შეეძლო კომპანიის სწრაფი ტემპისთვის ფეხის აწყობა. მან გადაწყვიტა, უფრო მეტი დრო გაეტარებინა თავის გუნდის წევრებთან, რამაც გაუადვილა მათი იმ პოზიციებზე დაყენება, სადაც თითოეული მათგანი უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს. ბენეტის სტრატეგიის კიდევ ერთი ნაწილი ის იყო, რომ ყველა თანამშრომლისთვის კომპანიის გეგმები და ინიციატივები ი-მეილის საშუალებით ეუწყებინა, რათა ყოველი მათგანი ერთნაირად ყოფილიყო საქმის კურსში. “ამ ცვლილებებმა მიმახვედრა, რომ ჩემმა გუნდმა ჩემი მმართველობის მიდგომებისა და მეთოდების სხვაგვარად აღქმა დაიწყო. რამაც მალე ნათელი გახადა, რომ თავად არ მსურდა, ჩემს გუნდს თავი ერთი დიდი მანქანის ნაწილად ეგრძნო. არ არის ჩემი მიზანი, ბიზნესი ასე ვმართო – უფრო დიდ მნიშვნელობას პირად ურთიერთობებს ვანიჭებ”.
წაახალისე ადამიანები
Hedley & Bennett-ის გუნდი, ან “წინსაფრების ბრიგადა”, როგორც თავად უწოდებენ, ცვლილებებსა და კოლაბორაციებზე ორიენტირებული გუნდია, რაც მომხმარებლის რაოდენობის ზრდის გარანტიას იძლევა. კომპანიის ქარხანა ლოს-ანჯელესში ახალგაზრდა შემოქმედებითი ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომელთა მიზანი წინსვლა და ამავე დროს სამუშაოს ხალისით კეთებაა. ბენეტს სწამს, რომ კომპანიის წარმატებული მომავლის საწინდარი სწორედ ამ ადამიანების ერთობა და საქმისადმი ერთგულებაა. გუნდის ჩართულობისა და ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ ბენეტის პატარა კომპანია გასცდა მხოლოდ წინსაფრების შექმნას და ქარხანაში სხვა პროდუქტების წარმოება დაიწყო. ეს სივრცე Samsung-ის სპონსორობის წყალობით მიიღეს (სწორედ Samsung-ია Hedley & Bennett-ის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი). სივრცე, სადაც იკრიბებიან მზარეულები, კულინარიული წიგნების ავტორები, ხდება დაინტერესებული ადამიანების შეხვედრა და ა.შ. “სად ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი საუბრები და შეხვედრები? რა თქმა უნდა, სამზარეულოში! შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი სამზარეულოს არსებობა, სადაც ახლა ადამიანებს გაშლილი ხელებით ვხვდებით, ჩემი დიდი ოცნება იყო!”
ყოველთვის იზრუნე გაუმჯობესებაზე
როცა ბენეტს მისი ბიზნესის წესების შესახებ ვეკითხებით, ასე გვპასუხობს: “ყოველთვის შეასრულეთ დანაპირები, ნუ დაიდებთ ვალებს და არ დახარჯოთ იმაზე მეტი ფული, ვიდრე გამოიმუშავებთ”. შემდეგ პაუზას აკეთებს და იცინის: “მგონი, ცოტათი ძველმოდური ვარ”. ძნელია, დაეთანხმო, თუმცა, მიუხედავად ამისა, სწორედ ბენეტია, ვინც ეს პოპულარული წინსაფარი გამოიგონა და ცნობილი ბრენდი შექმნა. სწორედ ეს მოწმობს მის თავდადებასა და სიახლეების ძიების მუდმივ აუცილებლობას. “ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს მიღწევას ვცდილობ, პრობლემების სხვადასხვა გზით გადაჭრა მიწევს”, – ამბობს ის. თავდაპირველად მისმა კომპანიამ წინსაფრები შექმნა, მერე კი იმავე შემოქმედებითი მიდგომით მზარეულის უნიფორმა შეკერა. ამის შემდეგ, Hedley & Bennett-მა მზარეულებისთვის დანების წარმოება დაიწყო, ბოლოს კი “ვანსთან” თანამშრომლობის შედეგად მათთვის კომფორტული ფეხსაცმელი გამოიგონა. “წინსვლა ჩემზე კარგად მოქმედებს, სტიმულს მაძლევს და მიჩენს სურვილს, მეტი სიახლე შევქმნა. ჩემი რჩევა მცირე მეწარმეებისთვისაც სწორედ ეს იქნება: შექმენით პროდუქტი, რომელიც აქამდე არსებულ პრობლემებს მოაგვარებს და არასდროს შეწყვიტოთ სიახლეების ძიება”.